საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და აპარატის თანამშრომლები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეიყვანეს. “ქართული ოცნების” და “ხალხის ძალის” დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევდათ, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს “მონებს” და “რუსებს” ეძახდნენ.
ჩიტაძის ქუჩა საპოლიციო ძალებმა მომიტინგეებისგან დაახლოებით 1 საათის წინ გაათავისუფლეს.
ამჟამად აქციის მონაწილეები ჭიჭინაძის ქუჩაზე არიან შეკრებილები, თუმცა უმრავლესობის წევრები საკანონმდებლო ორგანოში ავტომობილებით ჩიტაძის ქუჩიდან შევიდნენ, სადაც გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე საქართველოს“ 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირზე გაათენეს ღამე. მათი მიზანი იყო, დილას პარლამენტში არ შეეშვათ უმრავლესობის წევრი დეპუტატები.
“ქართულ ოცნებას” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მესამე საკომიტეტო მოსმენა დღეს, 09:00 საათზე აქვს დაგეგმილი.