უმრავლესობის ლიდერად მამუკა მდინარაძე აირჩიეს

უმრავლესობის ლიდერად აირჩიეს
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც ტრადიციულად, იმართება ხოლმე ყოველი სასესიო კვირის ორშაბათ დღეს, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, პირველი ეხებოდა უმრავლესობის ლიდერის არჩევას და ამ პოზიციაზე თავად მდინარაძეს დაუჭირეს მხარი.
„უმრავლესობა ვიცე-სპიკერის ვაკანტურ პოზიციაზე, რომელიც ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ გათავისუფლდა, პარლამენტს ასარჩევად ნინო წილოსანს წარუდგენს. ასევე, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად დაუჭირა მხარი ფრაქციის თავმჯდომარედ, ანუ როდესაც მე უმრავლესობის ლიდერად ამირჩიეს, ამის შემდეგ მოხდა ეს კენჭისყრა, რატი იონათამიშვილს. ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულ იქნა გიორგი ცაგარეიშვილი. მას შემდეგ, რაც ნინო წილოსანი არჩეული იქნება პარლამენტის მიერ ვიცე-სპიკერად, თავისუფლდება მისი ადგილი, ანუ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი და აქ წარვადგენთ მის პირველ მოადგილეს, გელა სამხარაულს, ხოლო აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე – ირაკლი (დაჩი) ბერაიას. ეს საკადრო გადაწყვეტილებები იქნა დღეს მიღებული. ზოგი მათგანი უკვე შევიდა ძალაში, რაც შეეძლო უმრავლესობას და ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ გადაეწყვიტა, ხოლო პარლამენტის მიერ გადასაწყვეტ საკითხებზე ჩვენ შესაბამის თანამდებობებზე წარვადგენთ ჩვენს კოლეგებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ