რამდენიმე კვირის წინ მარიო რუიმ “ნაპოლი” ოფიციალურად დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისმა ყოფილმა აგენტმა მარიო გიუფრედიმ TuttomercatoWeb-თან ინტერვიუში ყოფილი კლიენტი გააკრიტიკა და უმადური უწოდა.
“ალბათ მარიო რუის მოკლე მეხსიერება აქვს. მან თქვა, რომ “ნაპოლის” დატოვება არ სურდა? პორტუგალიელი “სან პაულოს” დირექტორთან ტრანსფერს პირადად ათანხმებდა, მოლაპარაკებებში ჩავერიე და ბრაზილიულ კლუბს მისთვის უკეთესი პირობები შევათავაზებინე, მაგრამ უცბად წასვლა გადაიფიქრა.
რუი უმადურია. ის, რომ “ნაპოლიში” 7 წელი თამაშობდა, ჩემი დამსახურებაა და მადლობა მხოლოდ ჩემთვის უნდა გადაეხადა, რადგან ყოველ წელს კლუბიდან წასვლას მთხოვდა.
“პარტენოპეის” ხშირად ჰყავდა ისეთი მწვრთნელები და მენეჯერები, რომლებსაც რუისთან მუშაობა არ სურდათ, ამ პრობლემებს კი მუდამ მე ვაგვარებდი, ასევე საჯაროდ ვიცავდი ყველანაირი კრიტიკისგან”, – განაცხადა გიუფრედიმ.
ცნობისთვის, გიუფრედი “ნაპოლის” რამდენიმე ფეხბურთელის, კერძოდ ჯოვანი დი ლორენცოს, მატეო პოლიტანოს და მაიკლ ფოლორუნშოს საფეხბურთო აგენტია.