უკრაინული წყაროების ცნობით, რუსეთის ჯარებმა ავდეევკასთან კიდევ 2 დაბა დაიკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან მდებარე კიდევ ორი დაბა – სტეპნოე და სევერნოე. ამის შესახებ დღეს, 27 თებერვალს, იუწყება უკრაინული ანალიტიკური არხი DeepState-ი.
არც უკრაინის არმიის სარდლობას და არც ს თავდაცვის სამინისტროს ამ დასახლებული პუნქტების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.
24 თებერვალს პირველმა DeepState-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს ქალაქ ავდეევკასთან მდებარე დაბა ლასტოჩკინო. მოგვიანებით ეს ფაქტი დაადასტურეს უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა. 26 თებერვალს ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების, „ტავრიის“ წარმომადგენელმა, დმიტრო ლიხოვოიმ განაცხადა, რომ ლასტოჩკინოდან უკან დაიხიეს, რათა თავდაცვის ახალი ხაზი დაიკავონ და არ დაუშვან დასავლეთის მიმართულებით მოწინააღმდეგის შემდგომი წინსვლა.
26 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა მოკლე ინფორმაცია, რომ დაჯგუფება „ცენტრის” ქვედანაყოფებმა ლასტოჩკინო „გაათავისუფლეს”.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოთხთვიანი წინააღმდეგობის შემდეგ, დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა 17 თებერვალს დატოვეს.
უკრაინის და დასავლეთის სამხედრო წრეების წარმომადგენელთა შეფასებით, მოკავშირეებისგან სამხედრო დახმარების, კერძოდ, საარტილერიო საბრძოლო მასალების და საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების შეფერხების გამო უკრაინელმა სამხედროებმა ვეღარ შეძლეს ავდეევკის დაცვის გაგრძელება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ, გვჭირდება ინფრასტრუქტურულად მომზადება, ჩვენი ტექნიკა და ღამისთევისთვის საჭირო საშუალებები პოლიციას აქვს წაღებული – გეგმის რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში გაგაცნობთ