უკრაინული ტრანზიტის შეწყვეტით “გაზპრომი” წელიწადში 6 მლრდ დოლარს დაკარგავს

მას შემდეგ, რაც ხუთწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 1 იანვრიდან უკრაინიდან ევროკავშირში ტრანზიტი შეწყდა, რუსული გაზის წილი უახლოეს და ყველაზე მომგებიან ევროპულ ბაზარზე მხოლოდ 5%-ს შეადგენს.
ეს მაშინ, როცა 2021 წელს რუსული გაზის წილი 45%-ს შეადგენდა, რაც “გაზპრომის” შემოსავლის მთავარი წყარო იყო.
კრემლი უკრაინიდან ტრანზიტით წელიწადში, დაახლოებით, 5-დან 6 მლრდ დოლარს გამოიმუშავებდა, ხოლო ტრანზიტისთვის 1 მლრდ დოლარამდე იღებდა. თუმცა ამ თანხის მნიშვნელოვან ნაწილს გაზსადენის სისტემის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის ხარჯავდა.
2024 წელი “გაზპრომისთვის” საუკუნის მეოთხედში პირველად წამგებიანი აღმოჩნდა, ხოლო მისი შემოსავალი 25%-ზე მეტად შემცირდა. 2023 წელს “გაზპრომმა,” მისი შექმნის დღიდან, ანუ 1990 წლის შემდეგ რეკორდულად იზარალა, რამაც 629 მლრდ რუბლი (6,1 მლრდ დოლარი) შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში კომპანიამ მინიმალური მოცულობის, მხოლოდ 404 მლრდ კუბური მეტრი გაზი მოიპოვა. 2021 წელთან შედარებით, “გაზპრომის” მიწოდება 28 მლრდ კუბურ მეტრამდე დაეცა, რაც 1970-იანი წლების მეორე ნახევრის დონეა.
2024 წლის დასაწყისიდან “გაზპრომის” აქციები 33,5%-ით დაეცა. კომპანიის ფასიანი ქაღალდები 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დონემდე შემცირდა, ხოლო კიდევ 20%-ით გაუფასურების შემთხვევაში აბსოლუტურ ისტორიულ მინიმუმს მიაღწევს.
BBC-ის ცნობით, რუსეთს ევროკავშირისკენ ერთადერთი სატრანზიტო გზა თურქეთის გავლით დარჩა. 2024 წელს მასში დღეში 45-50 მლნ კუბური მეტრი, ხოლო უკრაინის გავლით, დაახლოებით, 40 მლნ კუბური მეტრი გაზი გადიოდა.
“გაზპრომმა” ჯერ ვერ იპოვა სრულფასოვანი შემცვლელი გაყიდვების უახლოესი და უმდიდრესი ბაზრის სახით და, BBC-ის შეფასებით, მრავალი წლის განმავლობაში ვერც იპოვის.
წტარო: bpn.ge