უკრაინული დრონების აქტიური შეტევების ფონზე, მოსკოვსა და მის გარეუბნებში ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემას აძლიერებენ. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ათობით ახალი კოშკურა დადგეს საავტომობილო გზების გასწვრივ, მათ შორის – ცენტრალურ საავტომობილო წრიულ გზასა და ე.წ. „მცირე ბეტონკის“ წრეზე, მოსკოვიდან 50 კილომეტრის დაშორებით. ეს გზა საბჭოთა ეპოქაში რუსეთის სამხედრო საჭიროებებისთვის ააგეს.
ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის ახალი პოზიციები, მოსკოვის რეგიონში, ხშირად სწორედ იმ ადგილებთან ახლოს არის განლაგებული, სადაც მანამდე საბჭოთა ობიექტები ფუნქციონირებდა – ე.წ. ანტისაჰაერო წრეებზე, მოსკოვის გარშემო. ეს სისტემა, როგორც რუსეთის საბჭოთა ხელისუფლება მაშინ აცხადებდა, ნატოს ქვეყნებისგან თავდასხმის მოსაგერიებლად სჭირდებოდათ.
ერთი ასეთი წრე მოსკოვის ცენტრიდან 75-90 კილომეტრის რადიუსშია განთავსებული, ხოლო მეორე, უფრო მცირე – 35-50 კილომეტრის რადიუსში. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ამ თემაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
რუსეთის დედაქალაქს უკრაინულმა დრონებმა 20 ივლისსაც შეუტია და რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩამოაგდეს 16 უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინული დრონები მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიან საავიაციო ტრანსპორტს რუსეთში და, მათ შორის – მოსკოვშიც. ხშირად საჭირო ხდება ფრენის განრიგების შეცვლა, რეისების გადადება ან გაუქმება.
ფორუმი
