უკრაინული არმიის დაფინანსებით, შესაძლოა, აღმოვჩნდეთ მდგომარეობაში, როდესაც ვაფინანსებთ არმიას, რომლის ზრახვები ჩვენს მიმართ მეგობრული არ არის – ორბანი
საკუთარ არმიებში უნდა ჩავდოთ ინვესტიცია, ევროპელი ლიდერები კი ჩვენგან უკრაინის არმიის მილიარდებით დაფინანსებას ელოდებიან. უნგრეთი არ გადაიხდის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი წერს.
„ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია საკუთარ არმიებში, ისინი კი ჩვენგან უკრაინის არმიის მილიარდებით დაფინანსებას ელოდებიან მომავალ წლებში. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ: უნგრეთი არ გადაიხდის. ჩვენი მოვალეობა საკუთარი ხალხის დაცვაა“, – წერს ვიქტორ ორბანი.
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის მიერ უკრაინის არმიის დაფინანსების გეგმას.
„გარკვეული მიზეზებით, ამ კარგმა დასავლელმა ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, დადონ შეთანხმება უკრაინასთან მუდმივ საფუძველზე დაახლოებით ერთი მილიონი სამხედროსგან შემდგარი არმიის შენარჩუნების შესახებ არა მხოლოდ ომის მიმდინარებისას, არამედ, ასევე, გრძელვადიან პერიოდშიც. ჩვენ, ევროპელებმა უნდა გადავიხადოთ, რომ ეს მილიონიანი ძალის ქმედითუნარიანობა შევინარჩუნოთ: დავფაროთ მათი ხელფასები, აღჭურვილობის, ტექნიკური უზრუნველყოფის და წვრთნების ხარჯები. დასავლელები ამტკიცებენ, რომ ეს უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას. ამავე დროს, ჩვენი საკუთარი არმიები რჩება სუსტი და ჩვენ არ გვაქვს საკმარისი დაფინანსება აღჭურვილობისა და პერსონალისთვის. დასავლეთ ევროპაში ჩვენი საკუთარი ეროვნული თავდაცვის ძალების გაძლიერების ნაცვლად, ჩვენ ვემზადებით ერთი მილიონი ჯარისკაცისგან შემდგარი უკრაინული არმიის დასაფინანსებლად. ამან შეიძლება, მხოლოდ პრობლემა გამოიწვიოს. რეალურად, ეს შეიძლება, გახდეს უსაფრთხოების სერიოზული რისკი ევროპისთვის. შესაძლოა, აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ვაფინანსებთ არმიას, რომლის განზრახვები ჩვენ მიმართ აუცილებლად მეგობრული არ არის და საპირისპიროს გარანტია არ არსებობს. მთელი ეს შეთავაზება ქაოსურია და მათ სურთ, ამაზე მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხების დახარჯვა. ჩვენი პოზიცია მკაფიოდ განვაცხადეთ: ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ამ გეგმას და უნგრეთი არ გაგზავნის თავისი გადამხდელების ფულს უკრაინაში შეიარაღებული უკრაინელი სამხედროების დასაფინანსებლად“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა ადგილობრივი რადიოს ეთერში.
წყარო: 1tv.ge
