უკრაინის ხელისუფლებამ მასშტაბური ძებნა გამოაცხადა თავდამსხმელის დასაკავებლად, რომელმაც 30 აგვისტოს, ლვოვში, ქუჩაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის მოკლა პარლამენტის ყოფილი სპიკერი ანდრი პარუბი.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლიტიკოსის მკვლელობა „საშინელ დანაშაულად“ შეაფასა და განაცხადა, რომ „ყველა საჭირო ძალა და საშუალება“ იქნება გამოყენებული დამნაშავის დასაკავებლად.
ლვოვის მთავარი პროკურორის, მიკოლა მერეტის თქმით, ისინი მკვლელობის ყველა შესაძლო მოტივზე მუშაობენ, მათ შორის, რუსულ კვალზეც.
54 წლის ანდრი პარუბი უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და აქტიურად მონაწილეობდა 2013-14 წლების „ღირსების რევოლუციაში“ (მაიდანი). 2016–2019 წლებში ის უკრაინის რადას თავმჯდომარე იყო.
2014 წლის თებერვლიდან აგვისტომდე პარუბი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოზიციას იკავებდა. ამ თანამდებობაზე ის მსახურობდა ისეთ კრიტიკულ პერიოდში, როდესაც ბრძოლები დაიწყო აღმოსავლეთ უკრაინაში და რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული მიიერთა.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, სროლა პარუბის სახლთან, იეფრემოვას ქუჩაზე, შუადღეს მოხდა. ყოფილი დეპუტატი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილას რვა ვაზნა აღმოაჩინეს.
წყაროების ცნობით, თავდამსხმელი კურიერის ფორმაში იყო გადაცმული და ელექტრო-ველოსიპედით მიიმალა.
BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ფორმა Glovo-ს ეკუთვნოდა. კომპანიამ განაცხადა, რომ „შოკირებულია“ მომხდარით და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიხამ პარუბი „პატრიოტად და სახელმწიფო მოღვაწედ“ მოიხსენია, რომელმაც „უზარმაზარი წვლილი შეიტანა ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვაში.“
ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ მისი მკვლელობა, ეს არის „გასროლა უკრაინის გულში“ და აღნიშნა, რომ პარუბი იყო „დიდი ადამიანი და ნამდვილი მეგობარი.“
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ის „შეძრულია ამ საშინელი მკვლელობით,“ ხოლო აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში ჯეფრი პაიატმა პარუბი „ისტორიულ ფიგურად“ მოიხსენია, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა „დემოკრატიული და ევროპული უკრაინის“ შენებაში.
ფორუმი
