უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია იმ რაიონში, სადაც რუსული რაკეტით დარტყმამ ნაწილობრივ დაანგრია და დააზიანა ორი მრავალბინიანი სახლი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღის სამი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაღუპულია 20 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დღის ორი საათისთვის დადასტურებული იყო 16 ადამიანის სიკვდილი. დაშავებულია 60-ზე მეტი.
უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იჰნატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ტერნოპოლში სახლს მოხვდა რუსული რაკეტა Х-101.
გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინაზე. დარტყმის ქვეშ იყვნენ ხარკოვის, ლვოვის, ტერნოპოლის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის, როვნოს, დნეპროპეტროვსკის და სხვა ოლქები.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. უკრაინის რეგიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ხარკოვსა და ივანო-ფრანკოვსკში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს 470-ზე მეტი დრონი და 48 რაკეტა.
ზელენსკის განცხადებით, ყოველი ასეთი თავხედური შეტევა ადასტურებს, რომ რუსეთზე ზეწოლა არასაკმარისია და ამ ვითარების შეცვლა შეუძლია რეალურად ქმედით სანქციებს და უკრაინის დახმარებას საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტებითა და სხვა იარაღით.
ფორუმი



