ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები, ყირიმის აღიარება, NATO-ში გაწევრიანების აკრძალვა, რუსული ენისა და ეკლესიის დაშვება, სანქციების მოხსნა – ეს ის პირობებია, რომლებიც პუტინმა ომის შეჩერების სანაცვლოდ მოითხოვა.
ამ ინფორმაციას გამოცემა Reuters “ინფორმირებულ წყაროებზე” დაყრდნობით ავრცელებს. ცხადია, ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა ანონიმური წყაროები გამოცემასთან ადასტურებენ, რომ ინფორმაცია აშშ-ის, ასევე, ევროპელი და უკრაინელი ლიდერებისგან აქვთ.
· პირველი მოთხოვნა, რაც Reuters-ის წყაროების მიხედვით პუტინმა მოლაპარაკების მაგიდაზე დააყენა არის უკრაინის გასვლა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან. მათი ინფორმაციით, პუტინი მზადაა ფრონტის ხაზი გაყინოს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებთან. ამ “შეთავაზების” ნაწილია ისიც, რომ რუსეთი უკრაინას “დაუთმობს” ამჟამად მისი კონტროლის ქვეშ არსებულ მიწებს სუმისა და ხარკოვის რეგიონებში. Reuters-ის ინფორმაციით, ამ ორ რეგიონში ერთად რუსეთი აკონტროლებს დაახლოებით 440 კვადრატულ კილომეტრს, ხოლო დონბასს და ლუგანსკში უკრაინის კონტროლის ქვეშაა დაახლოებით 6 600 კვადრატული კილომეტრი. შესაბამისად, “მიწების გაცვლის” ამგვარი პირობა საფუძველშივე უთანასწორო მიდგომაა. თუმცა, აქვე, ცნობილია უკრაინის პოზიცია, რომ ისინი არ დათმობენ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიებს;
· Reuters-ის წყაროებმა ისაუბრეს ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების მოთხოვნაზეც. ბუნდოვანია, საქმე ეხება მხოლოდ აშშ-ს მიერ აღიარებას, თუ მათ შორის ევროპის ქვეყნებსაც;
· გამოცემის ინფორმაციით, ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი შეეხო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის გაუქმებაზეც. თუმცა, ამ შემთხვევაშიც დაუკონკრეტებელია, რომელ სანქციებზეა საუბარი;
· პუტინის კიდევ ერთი პირობაა უკრაინას აეკრძალოს NATO-ში გაწევრიანება. თუმცა, ამავე წყაროების თქმით, განიხილება სხვა სახის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის. მათ შორის, საუბარია იმაზე, რომ NATO-ს მე-5 მუხლი, რაც გულისხმობს, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს მთელ გაერთიანებაზე თავდასხმას, გავრცელდეს უკრიანაზეც ალიანსში მისი გაწევრიანების გარეშე;
· რუსეთის კიდევ ერთი მოთხოვნაა რუსულ ენას ქონდეს ოფიციალური ენის სტატუსი თუ მთელ უკრაინაში არა, მის გარკვეულ რეგიონებში მაინც. ასევე, რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავისუფლად იფუნქციონიროს უკრაინაში.
რამდენდ ზუსტია Reuters-ის წყაროების ინფორმცია, ალბათ, რამდეიმე დღეში გაირკვევა. ხვალ, 18 აგვისტოს, აშშ-ს პრეზიდენტს შეხვდება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
15 აგვისტოს, ალასკაში ერთმანეთს შეხვდნენ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი. ეს იყო აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
თავდაპირველი ცნობით, უნდა ყოფილიყო მხოლოდ ტრამპი-პუტინის შეხვედრა ერთი ერთზე, თუმცა საბოლოოდ აშშ-ს მხრიდან ტრამპთან ერთად შეხვედრას ესწრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. რუსეთის მხრიდან კი შეხვედრას პუტინთან ერთად ესწრებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.
სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა საუბარი, რომლის შემდეგაც პრეზიდნეტებმა განცხადებები გააკეთეს მედიასთან. ორივეს განცხადება იყო ზოგადი, თუმცა ცხადი გახდა, რომ შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
ამავე თემაზე:
· მზად ვართ ვიმუშაოთ სამმხრივ სამიტზე – ევროპელი ლიდერების განცხადება
· „სამხედრო მოქმედების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა კიევსა და ევროპას“ – მედვედევი ალასკის შეხვედრაზე
· „პუტინმა გაცილებით მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე ტრამპმა“ – ინტერვიუ ანკორიჯის შეხვედრაზე
