უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო ორ კვირაში მეორედ დრონებით შეუტიეს რუსეთის სტავროპოლის მხარის ქალაქ ბუდიონოვსკში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანა „სტავროლენს“, რომელიც „ლუკოილ ჯგუფის“ შემადგენლობაშია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს, 12 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამით განხორციელებული შეტევის შედეგად ქარხნის რაიონში დაფიქსირებულია მრავალრიცხოვანი აფეთქებები და ხანძარი, სხვა დეტალები კი დაზუსტების პროცესშია.
უკრაინის გენშტაბი ხაზს უსვამს, რომ „სტავროლენი“ სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებს რუსული არმიის ტექნიკისთვის, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილებს.
უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალების თანახმად, ქარხანა „სტავროლენს“ დრონებით დაარტყეს ქვედანაყოფებმა Deep Strike.
სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა 12 ნოემბერს, დილით განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ „ჩამოგდებული“ უკრაინული დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია ბუდიონოვსკის სამრეწველო ზონაში. გუბერნატორს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.
ქარხანა „სტავროლენზე“ დრონებით შეტევა იყო 29 ოქტომბერსაც.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ქიმიურ და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს” უწოდებს, უკრაინა კი – „კანონიერ სამიზნეებზე” დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.




