უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა მასირებული შეტევისთვის 700-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა

უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევისთვის, რომელიც 8 ივლისის ღამიდან დაიწყო და 9 ივლისის დილამდე გაგრძელდა, ს ჯარებმა 700-ზე მეტი დამრტყმელი დრონი და რაკეტა გამოიყენეს. ამის შესახებ დილით იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ომის დაწყების შემდეგ ეს დროის კონკრეტულ მონაკვეთში გამოყენებული დრონების და რაკეტების სარეკორდო რაოდენობაა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ 728 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განახორციელა რუსეთის ბრიანსკის, პრიმორსკო-ახტარსკის, კურსკის, ორიოლის და მილეროვოს რაიონებიდან, 7 ფრთოსანი რაკეტით – სარატოვის და კურსკის ოლქებიდან და 6 აერობალისტიკური რაკეტით „კინჟალი“ – ლიპეცკის ოლქიდან.
სარდლობის მონაცემებით, თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 7 ფრთოსანი რაკეტა და 296 უპილოტო საფრენი აპარატი, კიდევ 415 დრონი კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით გააუვნებლეს. რუსეთის საჰაერო თავდასხმის საშუალებებით პირდაპირი დარტყმა დაფიქსირებულია 4, ხოლო ნამსხვრევების ჩამოცვენა 14 ადგილზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობითვე, შეტევის მთავარი სამიზნე იყო ქალაქი ლუცკი.
უკრაინის ვოლინის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ლუცკი პოლონეთის საზღვრიდან 80 კილომეტრში მდებარეობს და უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სატრანზიტო კვანძია.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ 9 ივლისს, დილით განაცხადა, რომ ლუცკი ყველაზე მასშტაბური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ხანძარმა მოიცვა ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორია. ქალაქის მერიას და სამხედრო ადმინისტრაციას კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებიათ. მათივე ცნობით, მსხვერპლი არ არის.
ლუცკზე რუსული დრონებითა და რაკეტებით მასირებული შეტევის გამო მეზობელი პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის საჰაერო სივრცის მონიტორინგისა და პატრულირებისთვის გამანადგურებლები გაგზავნა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ლუცკზე მასირებული შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ფორუმი