რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მიიტანეს გასულ ღამითაც. არიან დაშავებულები.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პოლტავის ოლქის მირგოროდის რაიონში რუსული დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე. დაშავდა ორი ადამიანი.
დრონებით შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა ზაპოროჟიეს რაიონში. ნაწილობრივ დანგრეულია კერძო სახლი. კიევის ოლქის ფასტოვის და ბორისპოლის რაიონებში ხანძარი გაუჩნდა სასაწყობე შენობებს.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებულმა შეტევამ ქალაქ იზიუმში, სამოქალაქო საწარმოს ტერიტორიაზე გამოიწვია შენობების ნგრევა და მასშტაბური ხანძარი.
ხელისუფლების წარმომადგენლები კონკრეტულ საწარმოებს არ ასახელებენ.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 25 მარტს, გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული საღამოდან დღეს დილამდე რუსეთმა გამოიყენა ერთი ბალისტიკური რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 139 დრონი.
სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 78 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს უკრაინის სამხრეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში, ხოლო 34 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
ფორუმი
