საქართველოში უკრაინის საელჩო აცხადებს, რომ “ქართული მხრიდან არ მიუღიათ ოფიციალური ინფორმაცია” ასაფეთქებელი ნივთიერება “ჰექსოგენის” საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.
უკრაინის საელჩოს მიერ რადიო თავისუფლების წერილობით გაგზავნილ შეკითხვებზე პასუხის მიხედვით, საქმესთან დაკავშირებით “ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მუდმივ მონიტორინგს” ახორციელებენ.
ამასთან “საელჩოს საკონსულო თანამშრომლები ყოვლისმომცველ ზომებს იღებენ რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღონ ნებართვა ზემოაღნიშნულ უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და მათი დაკავების ყველა გარემოების გასარკვევად”.
საელჩოში კომენტარს არ აკეთებენ დამატებით შეკითხვებზე, ეცნობა თუ არა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოში უკრაინის ორი მოქალაქის დაკავებისა და მათგან ერთის მიერ მიცემული ჩვენების შესახებ და რა ზომებს მიმართავს უკრაინის უშიშროების სამსახური, ვინაიდან საქართველოს უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ “ჰექსოგენის” საქართველოში შემოტანის საქმესთან ამ უწყების წარმომადგენლები არიან დაკავშირებული.
„ტროტილის“ შემადგენელი ნივთიერების, „ჰექსოგენის“ საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებულ ორივე უკრაინელს სასამართლომ 12 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულები არიან უკრაინის მოქალაქეები, დენის შურავლოვი და მიხაილო სკრუპსკიი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ „გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად“ არკვევს, არსებობს თუ არა კავშირი ამ ამბავსა და „4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის“.
საქართველოში “ჰექსოგენის” შემოტანის და უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 სექტემბერს გაავრცელა.
ითქვა, რომ ამოიღეს „ტროტილის“ შემადგენელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ და საქართველოში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე: მძღოლი, რომელიც გამოძიების ვერსიით, მართავდა ავტომობილს და ადამიანი, რომელსაც ის საქართველოს ტერიტორიაზე შეხვდა და გადასცა ამოღებული ნივთიერება.
სუსის 11 სექტემბრის განცხადებაში დაკონკრეტებული არ ყოფილა, საქართველო იყო დანიშნულების საბოლოო ადგილი, თუ ასაფეთქებლის შემცველი ნივთიერება რომელიმე ქვეყანაში უნდა გასულიყო.
12 სექტემბერს კი, სუსში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, “რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და მისი თქმით, უნდა მოწყობილიყო ე.წ. “პაუტინა 2″, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია – თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი”.
სატვირთო ავტომობილის დაკავებული უკრაინელი მძღოლის ადვოკატის დალი ბარბაქაძის განცხადებით, მოხაილო სკრუპსკიის ჩვენების მიხედვით მან არ იცოდა რა მოჰქონდა საქართველოში.
“ამის [მიხაილო სკრუპსკიის] მისია დასრულდა იქ, როგორც მას უთხრეს, რომ ბათუმში დახვდებოდა კაცი და გადასცემდა, მეტი ამან არაფერი იცოდა”.
ადვოკატის განმარტებით, მიხაილო სკრუპსკიიმ ნივთი ბათუმში გადასცა ასევე უკრაინის მოქალაქეს, დენის შურავლოვს რომელიც, “უკანასკნელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბათუმში ცხოვრობს”.
საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა 12 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დენის შურავლოვმა „გაურკვეველ ვითარებაში“ შეიძინა „დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება“ და ინახავდა სასტუმროს ნომერში. საუბარია 4,167 გრამ კოკაინზე.
პროკურორის თქმითვე, შურავლოვმა სკრუპსკიის გამოართვა „ფეთქებადი ნივთიერების შემცველი ნივთიერება“.
დენის შურავლოვი, მიხაილო სკრუპსკიისაგნ განსხვავებით, ბრალს არ აღიარებს:
„უნდოდათ ვეიძულებინე, მეღიარებინა ის, რაშიც ბრალს მდებენ“, – თქვა მან სხდომაზე (ის რუსულ ენაზე საუბრობდა და მისი სიტყვები ქართულად თარჯიმანმა თარგმნა).
მან ასევე განაცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანია“, რომ სამართალდამცავებმა აიძულეს, წყალი დაელია, მიუხედავად იმისა, რომ ის ამაზე უარს ამბობდა.
“ჰექსოგენის” საქმეზე დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით აქვთ წარდგენილი:
· 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით – ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გასაღება და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანა;
· 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ჰექსოგენის” საქმესთან დაკავშირებით მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად კომენტარები გააკეთეს “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა დღეს 17 სექტემბერს მედიასთან საუბარში საეჭვოდ მიიჩნია, დაკავებული ჩვენებაში არსებულის ვერსია თითქოს ასაფეთქებელი ნივთიერება საბოლოოდ რუსეთში უნდა შეეტანათ. მისი თქმით, ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც უკრაინული სპეცსამსახურები თავისი სამხედრო მიზნის მისაღწევად ქართველ ხალხს სწირავდნენ.
“აი, რომ დავიჯეროთ ის ვერსია, ოღონდ რუსეთს ზიანი მიაყენონ და ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ ქართველ ქალებს და ბავშვებს, აქ რომ აფეთქებულიყო?
ჩვენ რას გადაგვეკიდნენ? ომი აქვთ – იომონ. შეეშვან საქართველოს ჩათრევას თავის ომში. ეს არ არის საქართველოს ომი. როდესაც ჩვენ, მათ შორის რუსეთთან ომი გვქონია, არავინ ჩაგვითრევია ჩვენს ომში და არავის ქვეყანა არ დაგვიყენებია რისკის ქვეშ და აქ რომ არის ხალხი, რომელიც დღეს საღამოთაც გამოვა რუსთაველის გამზირზე და პარლამენტთან დადგებიან და უკრაინის ხელისუფლების განდიდებით იქნებიან დაკავებული“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბარში 15 სექტემბერს “დასანანი” უწოდა, მისი სიტყვებით, “საქმის კონკრეტული ფიგურანტის” განცხადებას, რომ “ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში შემოტანილი იქნა უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით”.
„ზოგადად, ასეთი უხეში დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არის ძალიან დასანანი, თუმცა ეს რა მოსატანია, როდესაც ჩვენ ვისმენდით უკრაინელი მაღალჩინოსნების პირდაპირ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურდათ საქართველოში ეხილათ მეორე ფრონტი. ეს დამოკიდებულება არის დასანანი. ჩვენ ვრჩებით უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, გამომდინარე იმ ვითარებიდან, რომელიც ჩვენს მეგობარ ქვეყანაშია შექმნილი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
საქმეზე სხდომა სასამართლოში 3 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
