უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტებმა მოიპოვეს შიდა მოხმარების დოკუმენტები რუსეთის უახლესი წყალქვეშა ნავის – სტრატეგიული დანიშნულების ატომური წყალქვეშა ნავის K-555 „კნიაზ პოჟარსკის“ შესახებ.
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით ამის შესახებ “უკრაინისკაია პრავდა“ იტყობინება.
უწყების მონაცემებით, ხელმისაწვდომია წყალქვეშა ნავის
ეკიპაჟის შემადგენლობის სიები, მათ შორის ინფორმაცია თანამდებობების, კვალიფიკაციისა და ფიზიკური მომზადების დონის შესახებ, ასევე საბრძოლო ინსტრუქციები ეკიპაჟისთვის, ნავის საბრძოლო სქემა, გადარჩენის სისტემის უზრუნველყოფისა და ეკიპაჟის საორგანიზაციო სტრუქტურის სქემები; უკრაინის ხელთაა ასევე მნიშვნელოვანი მასალა საგანგებო შემთხვევაში მოქმედების წესებზე და რადიო სიგნალის შესწავლის ანგარიში.
„მზვერავებმა ასევე მიიღეს ამონაწერი „პოჟარსკის“ გემების განრიგის წიგნიდან. ეს ვრცელი დოკუმენტი არეგულირებს გემის საბრძოლო და ყოველდღიურ მუშაობას”, წერს დაზვერვის სამსახური.
955A პროექტის „ბორეი-A“ წყალქვეშა ნავები კრემლის ე.წ. ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. წყალქვეშა ნავებს აქვთ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების P-30-ის „ბულავა-30ის“, 16 გამშვები მოწყობილობა, თითოეულს ათამდე საბრძოლო ქობინის ტარება შეუძლია.
სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა ნავი „კნიაზ პოჟარსკი“ რუსეთის საზღვაო ძალების ჩრდილოეთის ფლოტის 31-ე წყალქვეშა დივიზიას 2025 წლის 24 ივლისს შეუერთდა. მისი მუდმივი ბაზა მურმანსკის ოლქია.
„პოჟარსკი“ საბრძოლო მზადყოფნაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, მიიღო.
radiotavisupleba.ge