უკრაინა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს, რადგან მისი შედეგები ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან იყო ცნობილი, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების განცხადებით, ასეთ არჩევნებს ძნელად შეიძლება ეწოდოს სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული, პოლიტიკურმა რეპრესიებმა ხალხს ალტერნატიული არჩევანი წაართვა და თავად პროცესი „ერთი კაცის პოლიტიკურ შოუდ“ გადააქცია.
„არჩევნები, რომელიც ტარდება სრული ადმინისტრაციული კონტროლისა და პოლიტიკური დევნის პირობებში, რეალური პოლიტიკური კონკურენციის არარსებობის, სიტყვის თავისუფლების დათრგუნვისა და ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი საშუალებების არარსებობის პირობებში, არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური. ეს არის ფარსი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ბელარუსის ხალხი იმსახურებს უკეთეს მომავალს, ვიდრე ხუთი წლის განმავლობაში ისეთი ადამიანის მძევლად ყოფნას, რომელიც მათ ევროპული ქვეყნების ოჯახში ღირსეული განვითარების პერსპექტივას ართმევს და საფრთხეს უქმნის მეზობელ ქვეყნებს.
შეგახსენებთ, 26 იანვარს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 87.6 %-ით გაიმარჯვა.