უკრაინის საგარეო: აღშფოთებას იწვევს კობახიძის კომენტარები “უკრაინიზაციის” საფრთხეზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის კომენტარებს საქართველოს “უკრაინიზაციასთან” დაკავშირებით უპატივცემულობას უწოდებს.
“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი საქართველოში შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავების თაობაზე “გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია საქართველოში შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავებით საქართველოს პარლამენტში “გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი საპროტესტო აქციის უფლებას და სიტუაციიდან გამოსავალი ეძიონ კონსტრუქციული დიალოგის გზით.
მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, აუცილებელი პირობაა ქვეყნის ევროპული მომავლის ასაშენებლად.
აღშფოთებას იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კომენტარები “უკრაინიზაციის” საფრთხესთან დაკავშირებით, რომლის წინააღმდეგაც, თითქოსდა აღნიშნული კანონპროექტი არის მიმართული.
ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ უპატივცემულო კონტექსტში გამოყენება დამატებით ზიანს აყენებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს. რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაცია” რეალური საფრთხეა საქართველოსთვის.
დაინტერესებულია საქართველოში მშვიდობიანი და მეგობრული ატმოსფეროთი, ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს და აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”. – წერია განცხადებაში.
გუშინ, 17 აპრილს კობახიძემ თქვა, რომ რუსული კანონი “საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას – საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა”.