დენის შმიჰალი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი, სამხედრო დახმარების საკითხის განსახილველად, ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება. შეხვედრა პრაღაში გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ გაავრცელა.
დაგეგმილი შეხვედრის წინ საუბრისას, ფიალამ გაიმეორა, რომ ჩეხეთის ინიციატივით შეძენილი საბრძოლო მასალის პირველი ტვირთი, უკრაინაში ივნისში ჩავა.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც ამ რთულ მომენტებში, უკრაინის დახმარების კოორდინაციას და გაძლიერებას ეხება“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, სამშაბათ საღამოს დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას ნიდერლანდების, დანიისა და ლატვიის პრემიერ-მინისტრები, ასევე პოლონეთის პრეზიდენტი დაესწრება.
სამშაბათს, ნიდერლანდებმა განაცხადა, რომ უკრაინას „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ნაწილებს გადასცემს. ამასთან, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა ქვეყნებთან სისტემის სრული აწყობის მიზნით.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ასევე გაიმეორა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის პოზიცია და თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, უნდა გააუქმონ შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას უკრძალავს, დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიებზე დარტყმისთვის გამოიყენოს.