უკრაინის პარლამენტმა 21 აგვისტოს მოახდინა რატიფიცირება რომის წესდებისა, რომელიც არის ფუძემდებლური ხელშეკრულება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC) – აცხადებენ პარლამენტარები იაროსლავ ჟელეზნიაკი და ოლექსი ჰონჩარენკო.
მათი თქმით, რომის სტატუტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 281-მა დეპუტატმა.
უკრაინამ რომის წესდებას ხელი 2000 წლის იანვარში მოაწერა, თუმცა ის რატიფიცირებული არ ჰქონდა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს 15 აგვისტოს მიმართა რატიფიკაციის წინადადებით – რაც წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. რატიფიკაცია გააძლიერებს ICC-ის ეფექტიანობას “უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე” მუშაობაში, ამბობს პრეზიდენტის თანაშემწე ირინა მუდრა.