უკრაინის ომსა და 1989-2008 წლებში მებრძოლ ოსებს რუსეთი რეაბილიტაციას სთავაზობს

“სამხრეთ ოსეთიდან ს სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში (СВО) მონაწილე პირებსა და რესპუბლიკის დამცველებს შესაძლებლობა ექნებათ რეაბილიტაცია რუსეთში ჩაიტარონ” – ცხინვალმა შესაბამისი შეთანხმება გააფორმა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სამეცნიერო-სამედიცინო ცენტრთან, რომელიც რეაბილიტაციისა და კურორტოლოგიის მიმართულებით მუშაობს.
როგორც დე ფაქტო მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი ალან ჯიოევი იუწყება, რეაბილიტაცია განხორციელდება მოსკოვში არსებული ცენტრის ბაზაზე იმ СВО-ს მონაწილეებისთვის, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ და რომელთაც სამხედრო მოქმედებების დროს კიდურების ამპუტაცია ჩაუტარდათ.
გარდა ამისა, ჯიოევის თქმით, მიღწეულია შეთანხმება რეაბილიტაციის შესაძლებლობაზე კისლოვოდსკში მდებარე სანატორიუმ „კავკასში“ არა მხოლოდ СВО-ს მონაწილეებისთვის, არამედ იმ პირებისთვისაც, ვინც 1989-2008 წლებში სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ომში მონაწილეობდა
ცხინვალის ცნობით,სარეაბილიტაციო მკურნალობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: კარდიორეაბილიტაცია, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრავმების შემდგომი რეაბილიტაცია, ხერხემლისა და ზურგის ტვინის დაზიანებების, ქვედა კიდურების ნერვის დაზიანებების, ქირურგიული ჩარევების შემდგომი მკურნალობა და სხვ.
რაც შეეხება იმ СВО-ს მონაწილეებს, რომლებსაც არ აქვთ რუსეთის მოქალაქეობა — ამ ეტაპზე მიმდინარეობს განხილვა, შეძლებენ თუ არა მათ რეაბილიტაციას რუსეთის ტერიტორიაზე.
ამასთან, ალან ჯიოევმა მადლობა გადაუხადა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს და ცენტრის დირექტორს, ნატალია ზუბარევას, “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა სამედიცინო რეაბილიტაციის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის”.