უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას. ამის შესახებ ანდრეი სიბიგამ ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თემა ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას უკავშირდება.
„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან. ეს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ეხება. ეს ეხება ჩვენს წვლილს. უკრაინას ახლა ჰყავს 100 ბრიგადა, რომლებსაც გააჩნიათ ყოველდღიურად ბრძოლის გამოცდილება. რა თქმა უნდა, ეს იქნება რეალური, ნამდვილი კონტრიბუცია სამომავლო ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში. სხვათა შორის, ყველაზე იაფი კონტრიბუცია“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
წყარო: 1არხი
