უკრაინის მთავარსარდალ სირსკის თქმით, რუსეთმა პოკროვსკთან უდიდეს დაჯგუფებას მოუყარა თავი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ პოკროვსკის მიმართულება ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთად რჩება. უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში იქ ს არმიის 350-მდე შეტევა იყო. სირსკის თქმით, რუსეთმა პოკროვსკთან თავი მოუყარა ძირითად ძალებს და უმსხვილესი მოიერიშე დაჯგუფება შექმნა უკრაინის თავდაცვის გასარღვევად.
უკრაინის ძალები კონტრშეტევებს აწარმოებენ. აგვისტოში ხუთი კვადრატული კილომეტრის დაკარგვის შემდეგ, მათ 26 კვადრატულ კილომეტრზე აღადგინეს კონტროლი. სირსკის მტკიცებით, მსგავსი დინამიკა შეინიშნება დობროპოლიეს მიმართულებაზეც.
უკრაინელი სამხედროებისა და ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, რუსეთმა რეგიონში გამოცდილი საზღვაო ქვეითები და გაძლიერებული საჰაერო-სადესანტო დანაყოფები გადაისროლა. მან გადამწყვეტი გარღვევისთვის თავი მოუყარა მსხვილ დაჯგუფებას დონეცკის რეგიონის ძირითადი ქალაქების – პოკროვსკის, კრამატორსკის და სლავიანსკის – აღების მიზნით.
რუსეთის ჯარები ასევე წინ მიიწევენ პოკროვსკის სამხრეთ-დასავლეთით და მათ გააძლიერეს საიერიშო მოქმედებები ფლანგებზე ჯავშანტექნიკისა და მოტორიზებული ქვეითების გამოყენებით, რითაც ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-7 კორპუსის ლოგისტიკური უზრუნველყოფის გადაკეტვას.
მთავრობის მომხრე რუსული ტელეგრამის არხები ადასტურებენ 2022 წლიდან ჯარების დისლოკაციის ყველაზე მასშტაბურ ცვლილებას, მათ შორის ხერსონის ოლქიდან მოტომსროლელი დივიზიებისა და სუმის ოლქიდან საჰაერო-სადესანტო და საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფების გადასროლას.
უკრაინის გენერალური შტაბი გამოთქვამს გაფრთხილებას რუსული ჯავშანტექნიკისა და არტილერიის შესაძლო მასიური გამოყენების შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დონბასში გარღვევის შემდგომი მცდელობები და შემდეგ ე.წ. „დპრ“-ის საზღვრებამდე წინსვლა.
ფორუმი