უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო იძიებს უმაღლეს რადაში ხმების ყიდვის სქემას

27 დეკემბერს უკრაინის ანტიკორუფციულმა უწყებებმა განაცხადეს, რომ იძიებენ უმაღლეს რადაში ხმების სავარაუდო ყიდვის საქმეს და დაცვის სამსახურები მათ ხელს უშლიან ჩხრეკის ჩატარებაში.
უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს (НАБУ) თანახმად, მისმა თანამშრომლებმა გამოავლინეს “ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი”, რომელშიც უმაღლესი რადის ახლანდელი წევრებიც არიან.
“სახელმწიფო დაცვის სამსახური „არანაირად“ არ ეწინააღმდეგება ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს (НАБУ) თანამშრომლების სამთავრობო შენობაში შესვლას”, – განუცხადეს რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს სახელმწიფო დაცვის სამსახურში და დააზუსტეს, რომ ისინი მხოლოდ ამოწმებდნენ ბიუროს თანამშრომელთა ვინაობას:
„საქმე ის არის, რომ НАБУ-ს თანამშრომლები ცდილობენ უცნობი ან გაუგებარი პირების შეყვანას სამთავრობო შენობების ტერიტორიაზე. ახლა ვადგენთ ამ პირთა ვინაობას. ყველას ვამოწმებთ, ვინ არიან“, – განაცხადა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა ოლექსი მოროზოვმა.
მოროზოვის თანახმად, იმ პირთა გვარები, რომლებიც შესვლას ცდილობდნენ, არ არის მოხსენიებული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
„საერთოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მოწმეები უნდა იყვნენ პირები, რომლებსაც, ასე ვთქვათ, შემთხვევით იპოვიან ქუჩაში და მოიყვანენ ღონისძიების ჩატარების ადგილზე. ამ ადამიანებმა უნდა გაიარონ სამთავრობო ტერიტორიაზე არსებული ბლოკპოსტები. ცხადია, მივმართავთ ზომებს მათ შესამოწმებლად, მათი ვინაობის დასადგენად“, – აღნიშნა მოროზოვმა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გამოავლინეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არიან უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებიც. პროკურორის საგანგებო ანტიკორუფციული ოფისის (САП) ცნობაში აღნიშნულია, რომ გამოძიების მონაცემებით, ჯგუფის წევრები „სისტემატურად“ იღებდნენ უკანონო სარგებელს უკრაინის უმაღლეს რადაში ხმის მიცემის სანაცვლოდ.
საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს (НАБУ) თანახმად, სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები ხელს უშლიან ბიუროს უმაღლესი რადის კომიტეტებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში:
„დეტექტივებს ეზღუდებათ ტერიტორიაზე წვდომა კიევში არსებული ევროპის მოედნის მხრიდან“, – აცხადებენ ბიუროში.
ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის წევრმა იულია სირკომ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ НАБУ კომიტეტში ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის – ჩხრეკას. მას არ დაუსახელებია ფიგურანტების გვარები.
გამოცემა „კვირის სარკე“, სამართალდამცავ ორგანოებში თავის წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ НАБУ აწარმოებდა ფარულ მიყურადებას რადის დეპუტატზე პარტიიდან „ხალხის მსახური“ – იური კისელზე. ის არის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის მოადგილე და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარეა.
10 ნოემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ გამოავლინა დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება იყო „“ენერგოატომის“ კონტრაგენტებისგან მართლსაწინააღმდეგო სარგებლის სისტემატურად მიღება, კონტრაქტების ღირებულების 10%-დან 15%-მდე ოდენობით“.
ამ საქმესთან დაკავშირებით რვა პირი იყო ეჭვმიტანილი. მათ შორის, ბიზნესმენი, სტუდია „კვარტალ-95“-ის თანადამფუძნებელი ტიმურ მინდიჩი (НАБУ-ს ჩანაწერებში მისი კოდური სახელია „კარლსონი“).
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მას სანქციები დაუწესა. ტიმურ მინდიჩმა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ მედიამ მისგან შექმნა ექსტრემისტი და დამნაშავე, თუმცა ფაქტები სხვას ამბობს. ისრაელში მყოფმა ბიზნესმენმა უარი განაცხადა კომენტარზე მის მიმართ ოფიციალურად წაყენებული ბრალდებების შესახებ და აღნიშნა, რომ საქმეს მისი ადვოკატები უძღვებიან.
18 ნოემბერს ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორმა სემენ კრივონოსმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ბიურო ტიმურ მინდიჩის ექსტრადიციის პროცედურების დაწყებაზე მუშაობდა.
ამის შემდეგ ანტიკორუფციული ბიუროს ცენტრალურმა სამმართველომ გამოაცხადა ტიმურ მინიჩზე ძებნა ეროვნულ დონეზე, რაც წარმოადგენს სავალდებულო ეტაპს „ინტერპოლის“ დახმარებით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებამდე.
1 დეკემბერს სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა მინდიჩს პატიმრობა. სასამართლოში პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიება მინდიჩს იმ ჯგუფის ხელმძღვანელად მიიჩნევს, რომელიც ენერგეტიკის სფეროში არსებული კორუფციული სქემებით იღებდა და ათეთრებდა ფულს.
ბრალდების მხარის თანახმად, მინდიჩი „ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა 30-ვე წევრს, ადგენდა ქცევისა და შეთქმულების წესებს, ანაწილებდა დანაშაულის ჩადენით მიღებულ ქონებასა და ფულს“.
ფორუმი