უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო ენერგეტიკის სფეროში მასშტაბურ კორუფციულ სქემაზე იუწყება

უკრაინის ენერგეტიკის სფეროში კორუფციის გამოაშკარავების მიზნით „მასშტაბური ოპერაცია“ მიმდინარეობს. ამის შესახებ დღეს, 10 ნოემბერს განაცხადა უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ.
„მასშტაბურ ოპერაციას“ ბიურო ატარებს სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად.
„მუშაობის 15 თვე და 1000-საათიანი აუდიო ჩანაწერები. დოკუმენტირებულია მაღალი დონის დანაშაულებრივი ორგანიზაციის საქმიანობა. მისმა მონაწილეებმა ააგეს სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოზე, კერძოდ, „ენერგოატომზე“ გავლენის მასშტაბური კორუფციული სქემა“, – ნათქვამია უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში. უწყების თანახმად, დეტალებზე მოგვიანებით ილაპარაკებენ.
უკრაინის პარლამენტის დეპუტატი პარტიიდან „გოლოს“ იაროსლავ ჟელეზნიაკი ირწმუნება, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომში“ და ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ გერმან გალუშჩენკოსთან, რომელიც ამჟამად იუსტიციის მინისტრია.
უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბიუროს გამომძიებლები კიევში გასაჩხრეკად მივიდნენ ბიზნესმენთან, სტუდია „კვარტალი 95“-ის თანამფლობელ ტიმურ მინდიჩთან. ამ სტუდიის დამფუძნებლებს შორის იყო უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტი ც. უკრაინული მედია მინდიჩს ზელენსკის მეგობრად მოიხსენიებს.
„უკრაინსკა პრავდას“ წყაროს ინფორმაციით, მინდიჩმა უკრაინის ტერიტორია 10 ნოემბერს, ჩხრეკის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. თავად ტიმურ მინდიჩს ამ ცნობების გამო ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
დამოუკიდენელი გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ ჯერ კიდევ 2025 წლის ზაფხულში წერდა, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა აპირებენ ტიმურ მინდიჩი კორუფციაში ეჭვმიტანილად გამოაცხადონ.
ნოემბრის დასაწყისში „უკრაინსკა პრავდამ“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობაც, რომ მინდიჩით შესაძლოა, შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროც დაინტერესდეს და საქმე ფულის გათეთრებას ეხება.
ფორუმი