უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის პოლონეთი იხდის, თუ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, სხვა მომწოდებლებს მოვიძიებთ – ოფიციალური ვარშავა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი Starlink-ის სისტემებთან დაკავშირებით აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, პოლონეთი სხვების მოძიებას დაიწყებს.
„უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის პოლონეთის გაციფროვნების სამინისტრო წელიწადში, დაახლოებით, 50 მილიონ აშშ დოლარს იხდის. აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკის გარდა, თუ დადასტურდება, რომ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერია, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, სხვა მომწოდებლები მოვძებნოთ“, – წერს სიკორსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია და თუ მას გათიშავს, უკრაინის მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება.
ოფიციალური კიევი ირწმუნება, რომ უკრაინას Starlink სატელიტური ინტერნეტ სისტემის აქვს.
შეგახსენებთ, „როიტერის“ ინფორმაციით, წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების იძულებისთვის აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს. აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
„როიტერის“ ცნობით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს. აშშ-ის მომლაპარაკებლები ზეწოლას ახდენენ კიევზე, რომ წვდომა მიიღონ კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეულზე. როგორც სააგენტო წერს, ილონ მასკის კუთვნილი „სტარლინკის“ ინტერნეტის საკითხი მოლაპარაკებებში მას შემდეგ დაისვა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა თავდაპირველ შეთავაზებაზე, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარატამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა წარუდგინა.
ცნობისთვის, უკრაინისთვის „სტარლინკის” საფასურს პოლონეთი იხდის და ამას მომავალშიც გააგრძელებს. როგორც პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა, „სტარლინკი“ უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ინტერნეტკავშირს ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინასა და მის სამხედროებთან.
პოლონეთმა 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინას „სტარლინკის“ 20,000 მოწყობილობა მიაწოდა და აფინანსებს მათ ტექნიკურ მომსახურებას ინტერნეტკავშირის მხარდასაჭერად.
