უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ 23 ივლისს კიევში უმასპინძლა ისრაელელ კოლეგას – გიდეონ საარს. ეს გიდეონ საარის პირველი ორმხრივი ვიზიტია უკრაინაში საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ 23 ივლისს კიევში უმასპინძლა ისრაელელ კოლეგას – გიდეონ საარს. ეს გიდეონ საარის პირველი ორმხრივი ვიზიტია უკრაინაში საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ანდრიი სიბიჰამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თავდაცვით ინდუსტრიაში თანამშრომლობის მნიშვნელობას:
“უკრაინასა და ისრაელს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ თავდაცვით ტექნოლოგიებში. დადგა ამ პოტენციალის ერთობლივად ხორცშესხმის დრო, ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.
…გასულ წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 65%-ზე მეტით გაიზარდა და თითქმის 1 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. უნდა შევინარჩუნოთ ეს დადებითი ტრენდი. ვგეგმავთ თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის პერსპექტივის განხილვას და პრიორიტეტული ერთობლივი პროექტების განსაზღვრას”.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა აღნიშნა, რომ ისრაელსა და უკრაინას შორის “განსაკუთრებული კავშირია” და რომ ისრაელის პირველი და ერთადერთი ქალი პრემიერმინისტრი გოლდა მეიერი კიევში დაიბადა. რაც შეეხება განხილულ საკითხებს:
“ვიმსჯელეთ ევროპისა და შუა აღმოსავლეთისთვის – უკრაინისა და ისრაელისთვის არსებულ საფრთხეებსა და თანამშრომლობის გზებზე.
სამ წელიწადზე მეტია, უკრაინა რუსეთთან ომშია.
ის სასტიკია და ბევრი სიცოცხლე შეიწირა.
ვიცი, რომ გასული კვირები ძალიან მტკივნეული იყო თქვენთვის.
მძიმე დარტყმების ქვეშ აღმოჩნდით. თქვენი ბევრი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა.
ამიტომ მნიშვნელოვანი იყო კიევში ჩამოვსულიყავი.
ჩემი გული დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებთან არის. ვლოცულობ დაშავებულებზე.
ვიცით, რას ნიშნავს ოჯახთან, ბავშვებთან ერთად თავდასხმის სამიზნედ ყოფნა.
ვგმობთ რუსეთის დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე.
გამოვდივართ ხანგრძლივი მშვიდობისკენ მოწოდებით, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში, ანდრიი სიბიჰასთან შეხვედრის შემდეგ.
გიდეონ საარმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ისრაელი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც უკრაინაში საველე ჰოსპიტალი გახსნა. ილაპარაკა ჰუმანიტარულ დახმარებაზე და მომავალ პროექტებზე, მათ შორის სასმელი წყლით უზრუნველყოფის ნაწილში:
“ორი კვირის წინ ჩემს სამინისტროს დავავალე სასმელი წყლის პორტატიული სისტემების მიწოდება უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც რუსეთის თავდასხმების შემდეგ სუფთა წყლის დეფიციტია. ეს ძალიან მალე გაკეთდება”.
ერთ-ერთი სფერო, რომელშიც ისრაელი აქტიურად ეხმარება უკრაინას, არის ჯანდაცვა – როგორც საკუთრივ უკრაინაში ექსპერტების გაგზავნით, აგრეთვე უკრაინელებისთვის ისრაელში მკურნალობის შეთავაზებით. ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმებზე საუბრის კონტექსტში მან უკრაინული ოჯახის დაღუპვის შემთხვევაც გაიხსენა:
“ირანმა სასტიკად და განზრახ მიმართა ბალისტიკური რაკეტები მშვიდობიანი მოსახლეობისკენ.
ბათ იამისკენ ნასროლი ირანული რაკეტით დაიღუპა უკრაინიდან ჩამოსული ერთი ოჯახის ხუთი წევრი. ანასტასია ბურიკი მხოლოდ 7 წლის იყო.
ამ დილით მამამისს შევხვდი.
ანასტასიას სიმსივნე ჰქონდა და ისრაელში სამკურნალოდ ჩამოვიდა. ის ოჯახთან ერთად ირანულმა რაკეტამ მოკლა”.
გიდეონ საარის განცხადებით, უკრაინამ და ისრაელმა გადაწყვიტეს ირანულ საფრთხეზე სტრატეგიული დიალოგის წარმოება საგარეო უწყებებს შორის:
“ჩვენი მოქმედებები ირანის იარაღისა და ტექნოლოგიების წინააღმდეგ, დაეხმარება ევროპის უსაფრთხოებას და უკრაინის უსაფრთხოებას.
ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული ამბიციების გაგრძელების შესაძლებლობა.
…მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის მთავრობას იმ პოზიციისთვის, რომლის თანახმად, ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
მადლობას გიხდით, ირანელი პირებისა და ორგანიზაციების დასანქცირებაზე პრეზიდენტის განკარგულების გამო.
მადლობას გიხდით, საგარეო საქმეთა მინისტრო, ირანის დაგმობისა და აშშ-სთან ერთად ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ჩვენი ოპერაციის მხარდაჭერისთვის.
აგრეთვე მადლობას გიხდით ჰამასის დაგმობისა და ჩვენი თავდაცვის უფლების მხარდაჭერისთვის”.
ანდრიი სიბიჰამ გიდეონ საარს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა ყოველთვის იყო და რჩება საერთაშორისო სამართლის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და სამართლიანი მოგვარების ერთგულად:
“ირანის და რუსეთი ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნიან ჩვენს ქვეყნებსაც და გლობალურ უსაფრთხოებასაც. ირანი განაგრძობს რეგიონის დესტაბილიზაციას, თავისი ბირთვული პროგრამითა და ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდებით”.
ანდრიი სიბიჰამ ისრაელის მიმართ გამოხატა მადლიერება ჰუმანიტარული დახმარებისთვის, კერძოდ უკრაინის სამხრეთის ოლქების წყლით მომარაგების პროექტის გამო. მან გიდეონ საარს გადასცა დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად მოდულური თავშესაფრების საჭიროება.
“ყველგან არის მუდმივი ტერორის ფონზე მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროება. ჩვენს ქვეყნებს საერთო ისტორია, კულტურა, ადამიანური კავშირები და საერთო ბრძოლის გამოცდილება აერთიანებთ. ამას ადასტურებს უკრაინულ-ებრაულ ურთიერთობებზე საარქივო დოკუმენტები, რომლებიც მე და ჩემმა კოლეგამ დღეს დავათვალიერეთ”.
ვიზიტის განსაკუთრებული ნაწილი იყო უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დროინდელი საარქივო დოკუმენტების პრეზენტაცია. კერძოდ, საარქივო დოკუმენტები მოიცავს 1918 წლის იანვარ-მარტის განკარგულებებს ოდესაში ქვეითთა ებრაული ბატალიონის შექმნაზე. ამ დანაყოფმა “ცენტრალური რადის” დროს მონაწილეობა მიიღო უკრაინის სახალხო რესპუბლიკის თავისუფლებისთვის ბრძოლაში და უზრუნველყოფდა უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს ოდესაში.
