უკრაინის თავდაცვის ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების, „ტავრიის“ მეთაურმა, გენერალმა ოლექსანდრ ტარნავსკიმ უარყო, რომ რუსეთის ჯარებმა აიღეს დონეცკის ოლქის ქალაქი მარინკა. გენერალმა ტარნავსკიმ რუსული წყაროებით გავრცელებულ ცნობებს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ მარინკის დაცვა გრძელდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები მარინკის მიმართულებით მტრის შეკავებას განაგრძობენ ნოვომიხაილოვკის და კრასნოგოროვკის რაიონებში და გასულ 24 საათში 19 შეტევა მოიგერიეს.
ცნობები, რომ რუსეთის ჯარებმა მარინკაზე კონტროლი დაამყარეს და იქ რუსეთის დროშა აღმართეს, 13 დეკემბერს გაავრცელეს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა და ე.წ. სამხედრო ბლოგერებმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მარინკის აღებაზე არაფერი უთქვამს.
ქალაქ დონეცკის მოსაზღვრე მარინკისთვის ბრძოლა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან მიმდინარეობს. ქალაქი ნანგრევებადაა ქცეული.