“უკრაინელებმა დრონებით აალებადი ნივთიერება თერმიტის გამოყენება დაიწყეს”– რუსეთ–უკრაინის ომი – გიორგი კობერიძე

რუსეთ-უკრაინის ომი
– რუსული შეტევა დონეცკის ოლქში, პოკროვსკის მიმართულებაზე შენელდა. უკრაინელები ლოკალურ კონტრშეტევაზეც გადავიდნენ და რამდენიმე დაკარგული პოზიცია დაიბრუნეს. ქალაქი სელიდოვეს აღება რუს მოიერიშეებს არ გამოუვიდათ, მიუხედავად მოლოდინისა, რომ ქალაქი შეიძლება რამდენიმე დღეში დაცემულიყო. ბრძოლა ჯერ კიდევ სელიდოვეს შესასვლელში მიმდინარეობს. მსგავსი სიტუაციაა ქალაქ ჰროდივკასთანაც, რომელსაც რუსული შემტევი ნაწილები განსაკუთრებით ინტენსიურად უტევენ, მაგრამ უკრაინელებს დასახლება ძალიან კარგად აქვთ გამაგრებული. თუკი სელიდოვე რუსული სოლისებური იერიშის სამხრეთ-დასავლეთ წერტილი მდებარეობს, ჰროდივკა ჩრდილო-დასავლეთითაა. ორივე მათგანის აღება სათვის მნიშვნელოვანია თუკი პოკროვსკისაკენ წინსვლა სურს.
საინტერესოა ისიც, რომ უკრაინელებმა დამატებითი რეზერვები იხმეს ამ მიმართულებაზე და სიტუაცია დაასტაბილურეს, მაგრამ მნიშვნელოვანი კომპონენტია დროც – უკრაინელებმა შეანელეს რუსული წინსვლა და ზურგში, პოკროვსკი-მირნოჰრადის გასწვრივ ახალ თავდაცვის ზღუდეებს აგებენ. ევაკუაციაც საკმაოდ ორგანიზებულად მიმდინარეობს. – დონეცკის ოლქის ქალაქი დონეცკის დასავლეთის მიმართულებაზე რამდენიმე რუსული სამხედრო კოლონა მოჰყვა დაბომბვაში. თუკი პოკროვსკის მონაკვეთზე რუსები მცირე დანაყოფებით (ათეულების დონეზე) უწყვეტად უტევენ და ქმნიან გამუდმებული შეტევის განცდას, ქალაქი დონეცკის მიმართულებაზე რუსები უფრო დიდი კოლონებითა და ჯავშანტექნიკით გადაადგილდებიან. მცირე, მობილური ჯგუფებით უწყვეტი იერიშის უპირატესობა ისაა, რომ ამით დაცვაში მყოფი ძალა იღლება, როტაციას ვერ ასწრებს და იფიტება, ხოლო მცირე ძალების გაშლა და ბევრი წერტილიდან იერიში რკალისებური ალყის განცდას ქმნის. ერთი მცირე დანაყოფის განადგურება კი არაფერს ცვლის, რადგან მას მეორე ათეული მოჰყვება, მეორეს მესამე და ასე შემდეგ. ანუ, მცირე ძალები კონკრეტული იერიშისას არიან მცირე რაოდენობის, თორემ საერთო ჯამში მათი შემადგენლობა ძალიან დიდია. კურახოვესა და კრასნოჰორივკას დასავლეთით უკრაინულ პოზიციებს რუსები დიდი ძალებით უტევენ. ორივე დასახლება ქალაქ დონეცკს ემიჯნება. კრასნოჰორივკა რუსების ხელშია, კურახოვე უკრაინელების. რუსული იერიში ამ მიმართულებებზე ჯერჯერობით უშედეგო გამოდგა. უკრაინულმა არტილერიამ და დრონებმა ეფექტურად გაართვეს თავი. – დაცვაში მყოფმა უკრაინელებმა დრონების გამოყენებით აალებადი ნივთიერება თერმიტის გამოყენება დაიწყეს და მოწინააღმდეგეს თავზე აფრქვევენ. ეს სამავალებსა თუ სანგრებში მყოფ რუს სამხედროებს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თავად რუსული სამხედრო უნიფორმა უკიდურესად აალებადი მატერიისაგანაა შექმნილი. – რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელებმა კონტროლი დაამყარეს დამატებით სამ პატარა დასახლებაზე – ორლოვკაზე, ნოვაია სოროჩინასა და მარევკაზე. უკრაინელთა მხრიდან დასახლებებზე კონტროლის მოპოვება იმ ფაქტს მიანიშნებს, რომ მიუხედავად რუსული ნაწილების რაოდენობრივი უპირატესობისა – შეფარდება ერთი სამზე – ისინი ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ინიციატივის დაბრუნებას ამ მიმართულებაზე. ერთი თვე სრულდება რაც რუსეთი – სახელმწიფო რომელიც ს აღებას სამ დღეში გეგმავდა – საკუთარ ტერიტორიებს ვერ იბრუნებს. – გუშინ პოლტავაში უკრაინის სამხედრო საგანმანათლებლო ცენტრზე რუსული ბალისტიკური სარაკეტო იერიში იქნა განხორციელებული, რასაც 51 სამხედრო-კადეტის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 250. მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ისაა, თუ როგორ მიიღეს რუსებმა ინფორმაცია ამ წერტილის შესახებ? სავარაუდოდ კვლავ აქტიურია ში რუსული აგენტურული ქსელი, რომელთა დაკავება და გამოაშკარავება პერმანენტულად მიმდინარეობს. ჯერაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც კრემლისათვის ზოგიც ფულის გამო, ზოგიც იდეოლოგიური თანხმობით მუშაობენ. სავარაუდოდ პოლტავაშიც იგივე მოხდა – მონაცემები გადაეცა რუსეთის სამხედრო ძალებს და რუსებმა განახორციელეს იერიში. ასეთი იერიშები ომის პირველ თვეებში უფრო აქტიურად ხდებოდა, მაგრამ რუსულ სპეცსამსახურებზე მომუშავეების გამოვლენის გარეშე მსგავსი შეკრებები და ღონისძიებები მუდმივი საფრთხის ქვეშ იქნება. – პუტინი მონღოლეთში ჩავიდა. იგი არ დაუკავებიათ, მიუხედავად საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს განჩინებისა. ეს ძალიან ცუდი და დამაზარალებელი პრეცედენტია აღნიშნული ინსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლისათვის. პუტინის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი მონღოლეთთან ურთიერთობის გაღრმავებას კი არ ემსახურებოდა, არამედ ძალის დემონსტრირებას და იმის ჩვენებას, რომ საერთაშორისო ინსტიტუციებსა და სამართალს ძალა არ აქვს. რუსული აგრესიის ფონზე საერთაშორისო პოლიტიკა დღეს შესამჩნევად მძიმე მდგომარეობაშია და მისდამი ნდობა შემცირებულია. თუკი ეს ყველაფერი დარჩა ასე, მაშინ ამ რეალობაში საერთაშორისო ნორმები მხოლოდ შერჩევითად თუღა იმუშავებს. სხვა სიტყვებით, ვიღებთ უსამართლო და უთანასწორო გარემოს, სადაც ომი და ძალადობა ბუნებრივი ხდება, ხოლო მოძალადე – დაუსჯელი. ამიტომაცაა აუცილებელი კრემლის დამარცხება ამ ომში. პრეცედენტულად. მონღოლეთში მის ვიზიტს თან დემონსტრაციები მოჰყვა. დემონსტრანტები პუტინის დაკავებას ითხოვდნენ და ამასთან იმ შეურაცხყოფაზე საუბრობდნენ, რომელიც რუსეთმა მათ მოუვლინა – კრემლმა ხომ სწორედ მონღოლეთი აირჩია ამ დაუსჯელობის პრეცედენტის დასამტკიცებლად და ამით დაამცირა ქვეყანა. სხვათა შორის მონღოლეთი დემოკრატიული ინდექსით დემოკრატიულ სახელმწიფოდაა მიჩნეული. არადა მას რუსეთი და ჩინეთი ესაზღვრება – ორი ტოტალიტარული სახელმწიფო. – უკრაინის მთავრობაში ცვლილებებია: თანამდებობები დატოვეს უკრაინის საგარეო საქმეთა, იუსტიციის, მრეწველობისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა. გადაყენებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეც. გადაყენების ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ სავარაუდოა, რომ მინისტრები მთავრობაში კვლავ დარჩებიან ოღონდ სხვა მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას. ხოლო თუკი მინისტრმა თავისი თავი ამოწურა ან/და ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობას თავი, მისი შეცვლა შესაძლოა ნაყოფიერი იყოს. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება პოლონეთში ვიზიტისას საკმაოდ უსიამოვნო პრობლემას გადააწყდა, როდესაც პოლონეთ-უკრაინის 1940-ნი წლების დაპირისპირებაზე მიდგა საქმე. ცნობილია რომ ვოლინის ტრაგედია ჯერაც ბოლომდე მოუშუშებელი საკითხია ამ ორ ქვეყანას შორის ახლა კი ამ ტრაგედიის მსხვერპლთა გადასვენების საკითხი გახდა გაურკვევლობის საფუძველი. სავარაუდოა, რომ ეს თემა მალე მოგვარდება კიევსა და ვარშავას შორის. – პოლონეთი ნატოს პარტნიორებისაგან დამოუკიდებლად განიხილავს რუსული ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდების აუცილებლობას პოლონეთის საჰაერო სივრცეში ან მის სიახლოვეს. ეს ძალიან სწორი ნაბიჯია და ერთგვარი ზეწოლაცაა დანარჩენ პარტნიორებზე, რომლებიც მაქსიმალურად დისტანცირდებიან აღნიშნული თემიდან. არადა ნათელია, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ეშინია და ის შეგნებულად არღვევს ხოლმე ნატოს საჰაერო სივრცეს და ამით ძალის დემონსტრირებასთან ერთად გაურკვევლობა შეაქვს მოკავშირეთა რიგებში.
– ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე რუსეთმა დღეს გამთენიას ქალაქი ლვივი (ლვოვი) დაბომბა. დაღუპულები მშვიდობიანი მოსახლეობაა. საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვა რუსეთის მხრიდან არაახალია. საშიში კიდევ ისაა, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივი არ უნდა გახდეს. ძალიან მძიმე პრეცედენტები იქმნება კრემლის მიერ წარმოებულ გენოციდურ ომში.

ასევე დაგაინტერესებთ

13 იანვრამდე გამოცხადებულ უქმე დღეებში მომსახურების სააგენტო და საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს – მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდებისა და ავტომობილების განბაჟების ვადებმა გადაიწია