უკრაინელების პროტესტის შემდეგ კანადური ტელეკომპანია დოკუმენტურ ფილმს სახელწოდებით „რუსები ომში“ ეთერში აღარ გაუშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედიასაშუალება „მედუზა“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კანადური ტელეკომპანია TVO აღნიშნავს, რომ უკრაინულ-კანადური საზოგადოების გამოხმაურება გაითვალისწინეს და ფილმს აღარ აჩვენებენ. გადაწყვეტილება კომპანიის დირექტორთა საბჭომ მიიღო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალის არასაკონკურსო პროგრამის ფარგლებში 7 სექტემბერს შედგა. პრემიერის წინა დღეს უკრაინის კინოს სახელმწიფო სააგენტომ ორგანიზატორებს მოუწოდა სურათი პროგრამიდან ამოეღოთ და ფილს „საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების სახიფათო ინსტრუმენტი უწოდა“. მათი შეფასებით, კინოსურათში რეჟისორი ცდილობს „აგრესორების მსხვერპლებად“ წარმოჩენას.
„მედუზა“ აღნიშნავს, რომ ვენეციის შემდგომ ფილმის ჩვენება იგეგმებოდა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზეც. უკრაინის რადას დეპუტატებმა ტორონტოში უკრაინის გენერალურ კონსულს მიმართეს და მოუწოდეს კანადელ კოლეგებთან ერთად მიეღო ზომები, რათა „პროპაგანდისტული სურათის“ კინოფესტივალზე ჩვენება არ მომხდარიყო. ვენეციის კინოფესტივალზე ფილმი ჩვენება გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმაც.
გამოცემა წერს, რომ დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „რუსები ომში“ 2023 წელს გადაიღეს რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე ლუჰანსკსა და დონეცკში. ფილმის რეჟისორის, ანასტასია ტროფიმოვას განცხადებით, მათ გადაღებების არცერთ ეტაპზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან რაიმე ნებართვა არ მიუღიათ და პერსონაჟები რუსი სამხედროები არიან, რომელთა ცხოვრებაც ფილმშია ნაჩვენები.
თავად რეჟისორი ფილმს „ომის საწინააღმდეგოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი იყო წარმოეჩინა, რომ რუსი ჯარისკაცებიც ადამიანები არიან, რომლებიც ხშირად ომის საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებენ.
ფილმის გადაღებაში მონაწილეობდა კანადური ფონდიც, რომელმაც სურათის გადასაღებად დაახლოებით 227 ათასი ევრო გაიღო.
