უკრაინა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და არ დათანხმდება ნატო-ში გაწევრიანებას მხოლოდ ტერიტორიის ნაწილისთვის, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოსტასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის დაუსვეს შეკითხვა, თუ როგორ შეიძლება გავრცელდეს ნატო-ს „უსაფრთხოების ქოლგა“ უკრაინის თავისუფალ ტერიტორიაზე.
„ჩვენ იურიდიულად არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ჩვენი მიწების ოკუპაციას. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ მიწებს, როგორც რუსულ მიწებს. ეს არის ჩვენი მიწები. ეს არის ჩვენი ხალხი. უკრაინის დროებით ოკუპირებული ნაწილები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაბრუნდება. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ უმრავლესობა დაბრუნდეს დიპლომატიური გზით, რომ არ იყოს ასეთი მსხვერპლი, არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინს ეს ესმის. მაგრამ მე მინდა, რომ ცივილიზებული სამყაროს უმრავლესობამ ეს გაიგოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატო-ა, ხოლო ეკონომიკური გარანტია – ევროკავშირი.
„ჩვენთვის ევროკავშირი და ნატო ფუნდამენტური რამ არის. რაც არ უნდა რთული იყოს, რაც არ უნდა რთულად ჩანდეს დღეს, ჩვენ მრავალი სხვადასხვა სირთულის წინაშე ვიდექით და როგორღაც გავართვით თავი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამავდროულად, მისი თქმით, ნატო-ში მიწვევა არ შეიძლება ვრცელდებოდეს მხოლოდ უკრაინის ნაწილზე, რადგან ეს გახდება ავტომატური აღიარება იმისა, რომ ყველა სხვა ტერიტორიას არა მხოლოდ საფრთხე დაემუქრება, არამედ აღარასდროს გახდება უკრაინის.
„უკრაინა არასოდეს წავა ამაზე, თუ ეს არის მოწვევა, მაშინ მხოლოდ ყველა ტერიტორიისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
წყარო: ინტერპრესნიუსი