უკრაინას იმედი აქვს, რომ რუსეთი მომდევნო შეხვედრას არ ჩაშლის და თავის მემორანდუმს დროულად წარმოადგენს. ამის შესახებ 28 მაისს, ღამით განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ.
რამდენიმე საათით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოაცხადა, რომ რუსულმა მხარემ „ოპერატიულად“ შეიმუშავა მემორანდუმი და მოსკოვის დელეგაცია, პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმირ მედინსკის ხელმძღვანელობით, მზად არის მემორანდუმი უკრაინულ მხარეს 2 ივნისს სტამბოლში, მოლაპარაკების მეორე რაუნდზე წარუდგინოს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ რა საჭიროა ორშაბათამდე ლოდინი, რადგან თუ რუსებმა ათდღიანი ფიქრისა და თავდასხმების შემდეგ, როგორც იქნა, მემორანდუმი შეიმუშავეს, მისი უკრაინისთვის გადაცემა ახლავე შეუძლიათ.
სიბიჰას განცხადებით, მოელიან, რომ რუსეთი მომდევნო შეხვედრას არ ჩაშლის და თავის წინადადებებს უკრაინას განსახილველად დაუყოვნებლივ წარუდგენს, როგორც ეს ადრე იყო შეთანხმებული. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, საგრძნობი შედეგების მოტანა მხოლოდ კარგად მომზადებულ შეხვედრას შეუძლია.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, რომელიც რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე კიევის დელეგაციას ხელმძღვანელობს, 28 მაისს განაცხადა, რომ რუსეთი ჯერ მემორანდუმის მომზადებას აჭიანურებდა, ახლა კი უკრაინისთვის დოკუმენტის გადაცემას აჭიანურებს.
უმეროვის ინფორმაციით, პირადად მან რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ მედინსკის უკვე გადასცა დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პოზიციას ასახავს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინა ადასტურებს ცეცხლის სრულად და უპირობოდ შეწყვეტისა და შემდგომი დიპლომატიური მუშაობისთვის მზადყოფნას, არ ეწინააღმდეგება რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრებს და ელოდება მათ მემორანდუმს, რომელსაც მოლაპარაკების მორიგ რაუნდამდე უნდა გაეცნონ. უმეროვის თანახმად, შეხვედრებს შედეგი უნდა მოჰყვეს და ამისთვის მათი კარგად მომზადებაა აუცილებელი.
სტამბოლში უკრაინის და რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა. მხარეები 1000-1000 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ.
19 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინულ მხარეს შესთავაზებს მემორანდუმს მომავალი, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს გარკვეულ პოზიციები.
როგორც პუტინმა თქვა, მაგალითად, კონფლიქტის მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო ვადები და ა.შ. მათ შორის გარკვეული ვადით ცეცხლის შეწყვეტა შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.
პასუხად უკრაინამ განაცხადა, რომ მემორანდუმის საკუთარ ვარიანტს მოამზადებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის და რუსეთის საკითხებში კით კელოგმა 27 მაისს ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ უკრაინისგან უკვე მიიღეს დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია ცეცხლის შეწყვეტის პირობები, რუსეთისგან კი დოკუმენტს ჯერ კიდევ ელოდებიან.
ფორუმი
