უკრაინა ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, რადგან ახლა ის “კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს გავრცელებულ სატელევიზიო მიმართვაში.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასული თვის განმავლობაში უკრაინას კარგი დინამიკა ჰქონდა თავდაცვის პაკეტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანას უფრო მეტი შეიარაღება ესაჭიროება.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი, რათა მივაღწიოთ კონტროლს ცაში და უფრო მეტ, პირველ რიგში, საარტილერიო საშუალებებს, ხმელეთზე. მაგრამ რაც არ უნდა გვიჭირდეს, ჩვენ გვაქვს საარტილერიო, რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალის მარაგი. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ჯარისკაცებს და იცავს უკრაინელთა სიცოცხლეს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პარტნიორების დახმარების წყალობით, ამ თვეში უკრაინელმა სამხედროებმა ასობით რუსული რაკეტა და თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში, ოპერატიული და სტრატეგიული ჯარების ჯგუფ „ტავრიის“ მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეექმნა საარტილერიო ჭურვების დეფიციტი, ხოლო „უცხოური დახმარების არარსებობის გამო“ უკრაინის სარდლობა იძულებული გახდა შეეჩერებინა ზოგიერთი სამხედრო ოპერაცია.
მიუხედავად აშშ-ის ადმინისტრაციის მონდომებისა, კონგრესს ჯერ კიდევ არ მიუღია ეროვნული უსაფრთხოების ცალკე პაკეტი, რომლის ღირებულება 106 მილიარდ დოლარზე მეტია. პაკეტი გულისხმობს უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების აღმოჩენას, ასევე თანხებს ისრაელისა და ტაივანისთვის, ღაზის სექტორის დახმარებისთვის და მექსიკა-აშშ-ს საზღვრის გაძლიერებისთვის.
მექსიკასთან საზღვრის საკითხია აშშ-ს კონგრესში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი, რის გამოც ვერ ხერხდება დოკუმენტის მიღება. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან.
დაწერეთ კომენტარი