უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დეკემბერში უკრაინა და აშშ თავდაცვის შესახებ ერთობლივ კონფერენციას გამართავენ.
როგორც ზელენსკი ამბობს, ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართება და ის იმ თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის გაგრძელება იქნება, რომელიც კიევში სექტემბერში ჩატარდა.
“დეკემბერში უკრაინისა და აშშ-ის მრეწველობის სპეციალური კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ოფიციალური პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან – ყველა, ვინც ჩვენს თავდაცვას უზრუნველყოფს… ჩვენ აქტიურად მივიწევთ წინ აშშ-სთან ერთად იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხზე. ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად და ეს აუცილებლად გააძლიერებს როგორც ამერიკელებს, ასევე უკრაინელებს და ჩვენს პარტნიორებს,” – თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მრეწველობის ფორუმი კიევში სექტემბრის ბოლოს გაიმართა და მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვის მრეწველობის ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადა.