უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან მიიღებს კიდევ 225 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, დახმარების ახალ პაკეტშია კატერები, დრონები, რადარები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და სხვა ტექნიკა.
18 დეკემბერს კიევში იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი, რომელმაც უკრაინის ხელისუფლებასთან განიხილა მომავალ წელს გასაწევი დახმარების საკითხები. იმავე დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, საუბარი იყო უკრაინაზეც. სტარმერმა ტრამპს უთხრა, რომ მნიშვნელოვანია მოკავშირეთა ერთიანობა და რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინისთვის მაქსიმალურად ძლიერი პოზიციების შექმნა.
ფორუმი