უკრაინაში შესაძლოა, „უშვილობის” გადასახადი დაწესდეს – რადა კანონპროექტს უკვე განიხილავს

უკრაინის სახალხო დეპუტატმა პარტია „ხალხის მსახურიდან,“ სერგეი გრივკომ დაარეგისტრირა კანონპროექტი (No11264), რომელიც ქვეყანაში „უშვილობის“ გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს. ინფორმაციას unian ავრცელებს.
კერძოდ, „დემოგრაფიულ საფასურს“ უკრიანის 21-დან 58 წლამდე მოქალაქეებისგან ამოიღებენ, ხოლო ტარიფები ასეთია:
უშვილო პირებზე – დასაბეგრი ობიექტის 1,5%
ერთშვილიან პირებზე – დასაბეგრი ობიექტის 1%
ორშვილიან პირებზე – დასაბეგრი ობიექტის 0,5%
კანონპროექტის მიხედვით, თუ ადამიანს სამი და მეტი შვილი ჰყავს, გადასახადს არ გადაიხდის. ამასთან, „დემოგრაფიული გადასახადისგან“ თავისუფლდებიან უნაყოფო ან რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევის მქონე და I ჯგუფის შშმ პირები.
განმარტებაში წერია, რომ კანონპროექტის მიზანი ში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. კერძოდ, შეთავაზებულია ბავშვების, ახალგაზრდა მოქალაქეებისა და მსგავსი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა, ხოლო თანხა უშუალოდ „დემოგრაფიული მოსაკრებლიდან“ გამოიყოფა.
კანონპროექტი განსახილველად უმაღლესი რადას საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტს გადაეცა.
კანონპროექტის დაინიცირებიდან ერთი დღით ადრე სოციალური პოლიტიკის სამინისტრომ გაავრცელა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, 1991 წლის საზღვრებში არსებული უკრაინის მოსახლეობა 2041 წლის 1 იანვრისთვის შესაძლოა, 28,9 მილიონამდე, ხოლო 2051 წლის 1 იანვრისთვის 25,2 მილიონ ადამიანამდე შემცირდეს.
ცნობისთვის: ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წლის დასაწყისისთვის ქვეყნის მოსახლეობა, დაახლოებით, 35 მილიონ მოქალაქემდე შემცირდა.
წყარო: BPN.GE

ასევე დაგაინტერესებთ