უკრაინაში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ მებრძოლის მეგობრები. ერთ-ერთმა მათგანმა, თეიმურაზ ბასილაიამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 48 წლის მებრძოლი ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან. მისი სიტყვებით, საქართველომ კიდევ ერთი გმირი დაკარგა მსოფლიოს მტერთან, რუსეთთან ბრძოლაში. “თენგიზ ჭანია უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე წავიდა და მას შემდეგ იბრძოდა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოში ერთხელ იყო ჩამოსული და მალევე დაბრუნდა ომში”, – თქვა თეიმურაზ ბასილაიამ.
48 წლის თენგიზ ჭანია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხახეთიდან დევნილია. ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში. ჰყავს ცოლი და ერთი შვილი. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარ ოპერაციებს ემსხვერპლა 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე. ბოლოს 10 მარტს გავრცელდა ცნობა ორი ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ.