უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, უფრო შემზარავი ხდება იმ მასალების გახსენება, რაც სხვადასხვა ეტაპზე წარმოაჩენდა ომის მოსურნე ჯგუფების მიდგომას ჩვენს რეგიონთან
უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ უფრო შემზარავი ხდება იმ მასალების გახსენება, რაც სხვადასხვა ეტაპზე წარმოაჩენდა ომის მოსურნე ჯგუფების მიდგომას ჩვენს რეგიონთან მიმართებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, ომის მოსურნე ელიტის თამაში მსოფლიო პოლიტიკაში ჯერჯერობით დასრულებული არ არის.
„ეს პოსტი და მასზე დართული სამი ვიდეოც სამი სხვადასხვა პირის მიერ სამ სხვადასხვა დროს საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაჟღერებულ ერთ იდენტურ გზავნილს ეხება. სექტემბერი, 2022 წ.
ეველინ ფარკასი: „საქართველო დღეს ნაკლები საფრთხის ქვეშაა რუსეთისგან… პუტინი ვერ იგებს უკრაინაში… მას არ შეუძლია ახალი ფრონტის გახსნა“.
ჟურნალისტი: „დარწმუნებული ხართ? არის აღქმა, რომ რუსეთს მაინც აქვს რესურსი, პრობლემები გაზარდოს საქართველოში“.
ეველინ ფარკასი: „მერე რა? მერე რა?..“
„მერე რა..“ – მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის ამჟამინდელი დამქირავებელი ეველინ ფარკასი ალბათ თავადაც ვერ მიხვდა, რომ ამ ერთი წაცდენილი ფრაზით ყველაზე ზუსტად აღწერა ომის მხარდამჭერი ამერიკული და ევროპული პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და მისი უსაფრთხოების მიმართ.
უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ უფრო და უფრო შემზარავი ხდება იმ მედიური მასალების (ინტერვიუების, განცხადებების, პოსტების) გახსენება, რაც სხვადასხვა ეტაპზე წარმოაჩენდა ომის მოსურნე ჯგუფების პოზიციას და მიდგომას ჩვენს რეგიონთან მიმართებაში. ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო და ნიშანდობლივი რესპონდენტი ეველინ ფარკასი იყო. მის მიერ 2022 წლის სექტემბერში „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში სრულადაა წარმოდგენილი ომის მხარდამჭერი ამერიკელი და ევროპელი ფორმალური და არაფორმალური მმართველების ის მცდარი და მზაკვრული ხედვა, რომლის საფუძველზეც საქართველოს პოლიტიკური ვექტორების „გასწორებისკენ“ მოგვიწოდებდნენ:
2022 წელს არის დრო, როდესაც ღიაა შესაძლებლობის ფანჯარა და საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას მომენტი; დღეს ახალი გამოწვევებია და პატარა ქვეყნის მთავრობამ უნდა გამონახოს გზა, რათა შეიტანოს წვლილი მაგიდასთან ადგილის მოსაპოვებლად; საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში; საქართველომ საკმარისი არ გააკეთა წინა ხაზზე გადასასვლელად, დააკლო ძალისხმევა და ჩამორჩა უკრაინასა და მოლდოვას; საქართველოს დღეს არ აქვს რუსეთის შემოჭრის საფრთხე, რადგანაც ის ვერ იგებს უკრაინაში. კრემლს არ აქვს ახალი ფრონტის რესურსი და რაც არ უნდა ქნას, ის მაინც ვერ გაიმარჯვებს; რუსეთს შეუძლია საქართველოსთან რაღაც გამწვავებები, მაგრამ ის ვერ დაიპყრობს მთლიან ქვეყანას. ჩვენ კი, დასავლეთი და საერთაშორისო საზოგადოება, ისევე ვიქნებით საქართველოს მხარეს, როგორც ვართ უკრაინის მხარეს.
ხომ დაუჯერებელია დღეს ამ გზავნილების მოსმენა? ჩვენს ოპონენტებს ხომ ასევე არ სჯეროდათ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე იდენტურ ამბებს ჰყვებოდნენ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის შესახებ? საქმე ისაა, რომ შინაარსი, რასაც ეველინ ფარკასისგან ვისმენთ, არ არის ერთი კონკრეტული ფიგურის პირადი მოსაზრებები. ეს არის ის ერთობლივად შემუშავებული და გაზიარებული პოზიცია და სამოქმედო გეგმა, რისკენაც, სხვადასხვა არხის გამოყენებით, ერთ ხმაში მოგვიწოდებდნენ ჩვენი დაუძინებელი „კეთილისმსურველები“.
დახურულ შეხვედრებზე ყველა ეს გზავნილი გაცილებით პირდაპირი, ღია და ცალსახა იყო. ამას ალაპარაკებდნენ დიპლომატებს და ამას გვეუბნებოდნენ ვიზიტად მოვლენილი ემისრები, ამას იმეორებდნენ გარედან მართული პარტიები და უცხო ინტერესების გამტარებელი ენჯეოები – „შესაძლებლობის ფანჯარა“, „თუ საომარია, უნდა ვიომოთ“, „დადექით ისტორიის სწორ მხარეს“, „ბომბების ცეცხლი სჯობს სირცხვილისგან წვას“, „მერე რა..“ – იცვლებოდნენ გზავნილის გამხმოვანებლები, თუმცა არ იცვლებოდა გზავნილი, რომელიც თითქოს ერთი სახელმძღვანელოდან იყო ამოკითხული“, – წერს პაპუაშვილი.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველო გადარჩა კარგად დაგეგმილ სცენარსა და როლს, რომელიც ქვეყანას ბირთვული დაპირისპირების ზღვარზე მყოფ კონფლიქტში უნდა შეესრულებინა.
„დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ძალისხმევას უკრაინის ომის დასასრულებლად, ამავე დროს კი ვხედავთ უკრაინაში არსებულ სამხედრო ვითარებას, იმას, თუ რა მოუტანა ქვეყანას სამწლიანმა ომმა, სრულიად ნათელია, თუ როგორ გადარჩა საქართველო კარგად დაგეგმილ და პირდაპირ გაწერილ სცენარს, იმ როლს, რომელიც ჩვენს ხალხს ბირთვული დაპირისპირების ზღვარზე მყოფ კონფლიქტში უნდა შეესრულებინა.
თურმე ჩვენ უნდა „გაგვეკეთებინა მეტი“, უნდა „ვმდგარიყავით წინა ხაზზე“, უნდა „დაგვემსახურებინა მაგიდასთან ყოფნა“, გაგვეწირა თავი და დაგვეღვარა სისხლი გლობალურ დაპირისპირებაში „შესაძლებლობის გახსნილი ფანჯრისა“ და „ისტორიის სწორ მხარეს“ დგომის სანაცვლოდ. რამდენი ჩვენი თანამოქალაქე გაბრიყვდა ამგვარი მორალისტური დაპირებებით სამი წლის წინ და რამდენია შეპყრობილი დღესაც იმავე წარმოდგენებით? ეს ისტორიული ინტერვიუ ნათლად აჩვენებს ომის მხარდამჭერი ელიტების მაშინდელ განწყობებს – რუსეთი სუსტია, უკრაინა იგებს, უნდა დავამარცხოთ რუსეთი ბრძოლის ველზე. ოღონდ ეს ყველაფერი სხვისი ოფლის, სხვისი სისხლის და სხვისი ცრემლის ფასად.
ამ სამხედრო-პოლიტიკურ დოქტრინაში პირდაპირ ჯდება საქართველოში ძველი იარების გახსნა და რუსეთთან 2008 წლის მსგავსი დაპირისპირების გამეორება. თუკი საქართველო ისევე წამოეგებოდა სამხედრო ავანტიურისკენ მოწოდებას, რუსეთის მხრიდან ჩვენზე დახარჯული რესურსი უკრაინის ფრონტს მოაკლდებოდა და ამით მეტ უპირატესობას მოიპოვებდნენ. და „მერე რა?“ ნუთუ არ ღირდა გლობალური ინტერესის გამარჯვება საქართველოს სიცოცხლის ფასად?
ომის მოსურნე ელიტის თამაში მსოფლიო პოლიტიკაში ჯერჯერობით დასრულებული არ არის. ჩვენ ვხედავთ იმ წინააღმდეგობას, რასაც უკრაინაში მშვიდობის დამყარების სურვილი იწვევს. ეს გლობალური პროცესია. საქართველოს ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი კი საკუთარი სამშობლო და მისი ეროვნული ინტერესებია. სწორედ ამის მანდატი მოგვცა ხალხმა 26 ოქტომბერს და ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ.
P.S. საინტერესოა, რომ ეველინ ფარკასი იყო პირველი და ცენტრალური ფიგურა, რომელმაც 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსულ ჩარევას დაუკავშირა და ამ თემაზე მთელი კამპანია გააჩაღა, რაც შემდგომი გამოძიებით დადასტურდა, რომ სიყალბე იყო“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
