უკრაინიდან, ბრძოლის ველიდან დაბრუნებული ლევან მაზმიშვილის სახლში ჩხრეკაზე შესვლას, ომის ვეტერანები ეხმაურებიან. “პირველებთან” ინტერვიუში ქართველი მეომრები ჰყვებიან, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი ყველა ქართველი “ოცნების” რეპრესიების მსხვერპლია.
მათი თქმით, ზოგიერთი მათგანი ე.წ. გადატრიალების საქმეზე გამოსაკითხად დაიბარეს, ზოგს კი სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობასაც არ აძლევენ.
გიორგი ფარცვანია აცხადებს, რომ შეუთვალეს, რომ თუ საქართველოში დაბრუნდება დაიჭერენ.
“რუსების არ გვეშინია და “ქართული ოცნება” შემაშინებს?!” – ამბობს მებრძოლი მმართველი გუნდის საპასუხოდ.
სირცხვილია, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს – ატერორებს ქართველ მეომრებს, რომლებიც საქართველოში ოჯახების სანახავდ ჩადიან. ეს (ლევან მაზმიშვილის სახლში ჩხრეკა) პირველი არ არის, 10-მდე ეკიპაჟი სახლში ჩვენს კიდევ ერთ თანამებრძოლს შეუვარდა და გაჩხრილეს. 2022 წელს, როცა პირველად ჩამოვედი, წამართვეს პასპორტი, რომელსაც თითქმის სამი საათის განმავლობაში არ მიბრუნებდნენ, ვიყავი გამოკითხვაზეც. მეორედ რომ ჩავედი, ნახევარი საათით დამოაყოვნეს. ახლა შემომითვალეს, რომ თუ საქართველოში ჩამოხვალ დაგიჭერთო. რუსების არ გვეშინია და “ქართული ოცნების” შეგვეშინდება?!
დაშინებაზე და ტერორის მცდელობაზე საუბრობს ნადიმ ხმალაძეც.
“ადამიანს, რომელიც ფრონტის ხაზზე მიდის, სუს-ის დაკითხვებით ვერ შეაშინებთ”- ასეთია მისი პასუხი.
რაც ვნახე, ეს ჩხრეკა არ იყო – დაარბიეს სახლი. თუ არ ვცდები 2024 წლის ზაფხული იყო, როცა რაღაც სისულელე თემა წამოწიეს, სუს-ში დაგვიბარეს და სულელურ კითხვებს გვისვამდნენ. ეს არის დაშინების მცდელობა. ადამიანს, რომელიც ფრონტის ხაზზე, 98%-იან სიკვდილზე მიდის, სუს-ის დაკითხვებით ვერ შეაშინებთ. თქვენ გინდოდათ დაგეშინებინეთ, გინდოდათ, საქართველო დამეტოვებინა, მაგრამ გამოვედი და ვთქვი, რომ არასად წასვლას არ ვაპირებ”- აცხადებს ნადიმ ხმალაძე.
უკრაინიდან დაბრუნებული ქართველი მებრძოლის, ლევან მაზმიშვილის სახელში, სოფელ შინდისში, გვიან ღამით ჩხრეკა ჩატარდა.
როგორც მაზმიშვილის მამა, მირიან მაზმიშვილი აცხადებს სამართალდამცველები მათ საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით ფანჯრიდან შევიდნენ და იარაღს ეძებდნენ.
მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ავეჯი და ნივთები დაუზიანეს.
