კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას შესაძლოა, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიწის დათმობა მოუწიოს.
„ერთ-ერთი სცენარია… ტერიტორიის დათმობა. ეს უსამართლოა. მაგრამ მშვიდობისთვის, დროებითი მშვიდობისთვის, შესაძლოა ეს იყოს გამოსავალი, დროებითი“, – განაცხადა მან, თუმცა იქვე დასძინა, რომ უკრაინელი ხალხი „არასდროს შეეგუება“ რუსეთის მიერ ოკუპაციას.
ტრამპი აცხადებს, რომ „ყირიმი რუსეთს დარჩება“
კლიჩკო ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის უკრაინელი პოლიტიკოსია, რომელმაც საჯაროდ მიანიშნა, რომ მის ქვეყანას შესაძლოა ტერიტორიების დათმობა მოუწიოს, დროებით მაინც.
კიევის მერი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლიტიკური ოპონენტები არიან. მერმა არაერთხელ დაადანაშაულა პრეზიდენტი და მისი გუნდი მისი ავტორიტეტის შელახვის მცდელობაში.
კლიჩკომ BBC-ს უთხრა, რომ ის „პასუხისმგებელია უკრაინის დედაქალაქზე“ და მას ომით განადგურებული ქვეყნის „გული“ უწოდა.
მისი თქმით, ზელენსკი შესაძლოა იძულებული გახდეს მშვიდობის მისაღწევად „მტკივნეული გადაწყვეტილება“ მიიღოს.
შეკითხვაზე, განიხილავდა თუ არა ზელენსკი მასთან შესაძლო შეთანხმების რაიმე დეტალს, კლიჩკომ პირდაპირ უპასუხა: „არა“.
ზელენსკიმ ტრამპს „ყირიმის დეკლარაცია“ შეახსენა
ინტერვიუს შემდეგ კლიჩკომ დამატებითი კომენტარებიც გაკეთა და განაცხადა, რომ „ახალი არაფერი უთქვამს“ და რომ ბევრი მსოფლიო პოლიტიკოსი და მედიასაშუალება ტერიტორიების დათმობას სამშვიდობო შეთანხმების პოტენციურ შედეგად განიხილავდა.
„ჩვენ გვესმის, რომ ტერიტორიული დათმობების სცენარი ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ მისი განხორციელების წინააღმდეგ. ეს განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ჩვენგან, ისე ევროპელი პარტნიორებისგან“, – დასძინა მან.
წყარო: “რადიო თავისუფლება”
