უკრაინულმა ძალებმა 2 აპრილის ღამით ოკუპირებულ ყირიმში, კიროვსკეს აეროდრომზე, რამდენიმე რუსულ სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს.
უკრაინის არმიის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად განადგურდა An-72 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი და ბაზა, სადაც Orion-ის ტიპის სადაზვერვო და მოიერიშე დრონები მზადდებოდა.
სამხედრო უწყების განცხადებით, აეროდრომი დრონების ბაზად და წინასაფრენი მომზადების პუნქტად გამოიყენებოდა. შეტევის დროს ასევე განადგურდა საბჭოთა პერიოდის P-37 ტიპის მობილური რადარი.
გავრცელებული ცნობებით, უკრაინის ძალებმა რუსულ ობიექტებზე იერიში ადგილობრივი წარმოების FP-2 ტიპის დრონით მიიტანეს.
ოკუპირებული ყირიმი რუსეთისთვის მნიშვნელოვან სამხედრო ჰაბად რჩება, სადაც განთავსებულია ავიაცია და დრონები, რის გამოც უკრაინა რეგულარულად უტევს ნახევარკუნძულზე არსებულ ინფრასტრუქტურას.




