უკრაინის და რუსეთის დელეგაციებს შორის სტამბოლში 23 ივლისს გამართული მოლაპარაკების მესამე რაუნდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დასრულებულია ტყვეთა გაცვლის კიდევ ერთი ეტაპი.
უკრაინა და რუსეთი ტყვეების და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ სტამბოლში მაის-ივნისში გამართული მოლაპარაკებების პირველი ორი რაუნდის შედეგად.
უკრაინის საკოორდინაციო შტაბმა, რომელიც ტყვეთა გაცვლის საკითხებზე მუშაობს, 23 ივლისს, გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულია დაჭრილი და მძიმედ დაავადებული დამცველების კიდევ ერთი ჯგუფი. გათავისუფლებული არიან სამხედროები, მესაზღვრეები და პოლიციელები. ყველაზე უფროსი 66 წლისაა, ყველაზე უმცროსი 27-ის.
საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, 23 ივლისს გათავისუფლებულთა შორის არიან მარიუპოლის დამცველი მეომრები, რომლებმაც ტყვეობაში სამ წელზე მეტი გაატარეს და კუნძულ ზმეინის დამცველებიდან ბოლო მეომარი – სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მებრძოლი.
უკრაინის საკოორდინაციო შტაბი 23 ივლისს გათავისუფლებულთა რიცხვს არ ასახელებს. შტაბის თანახმად, სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში, საერთო ჯამში, გათავისუფლებულია 1000-ზე მეტი დამცველი.
გვიან ღამით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან დაიბრუნეს რუსი სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფი, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფება. გათავისუფლებულთა რიცხვი არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაუსახელებია.
სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდის შემდეგ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ 23 ივლისს მხარეებმა გაცვალეს დაახლოებით 250-250 სამხედრო ტყვე.
