16 იანვარს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “100-წლიანი პარტნიორობის” ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
ხელშეკრულება ძირითადად მოიცავს უსაფრთხოების, მეცნიერების, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებს. მისი მთავარი მიზანი ბალტიის, შავი და აზოვის ზღვებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რუსული აგრესიის შესაკავებლად ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაა.
“ერთად ხელი მოვაწერეთ ისტორიულ შეთანხმებას, თავისთავად უნიკალურს – ახალ პარტნიორობას დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას შორის, რომელიც ჩვენს ერებს შორის არსებულ დიდ სითბოსა და მეგობრობას ასახავს” – თქვა სტარმერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
“დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა, ჩვენი ურთიერთობა აქამდე არასოდეს ყოფილა ასე მჭიდრო” – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ მედიასთან საუბრისას.
სტარმერის თქმით, მისი მთავრობა უკრაინას ახალ მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის, რომელიც სპეციალურად უკრაინის საჭიროებებისთვის იქნება შემუშავებული.
სტარმერისთვის დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის რანგში ეს პირველი ვიზიტია უკრაინაში.
“პუტინის სურვილი, უკრაინა თავის უახლოეს პარტნიორებთან დაშორებულიყო, გიგანტური სტრატეგიული მარცხი აღმოჩნდა. ამის ნაცვლად, ჩვენ უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, და ეს პარტნიორობა ჩვენს მეგობრობას ახალ დონეზე აიყვანს” – თქვა სტარმერმა ვიზიტის წინ.