გამთენიისას უკრაინის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი თავდასხმის გამო. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ქვეყნის სხვადასხვა ოლქს რაკეტებით და დრონებით შეუტია.
15-მდე აფეთქების შესახებ იუწყება ქალაქ ხარკოვის მერი იჰორ ტერეხოვი. მისი ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა. ხარკოვში აფეთქებებით გამოწვეული ხანძრებია. არაერთ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
8 სარაკეტო დარტყმის შესახებ იუწყება ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი. მისი წინასწარი მონაცემებით, დაინგრა 2 კერძო სახლი და 7 დაზიანდა. არიან დაშავებულები, რომელთა რიცხვი ჯერ დაზუსტებული არ არის.
რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დარტყმები იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის გაავრცელა პირველი ცნობა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კასპიის ზღვის რაიონიდან გაუშვეს ფრთოსანი რაკეტები. მანამდე, შუაღამის შემდეგ, საჰაერო ძალებმა მოსახლეობა გააფრთხილეს უპილოტო საფრენი აპარატებით მოახლოებული თავდასხმის შესახებ. შეტევის მოსაგერიებლად ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.
21 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე. ხელისუფლების ინფორმაციით, დაიჭრა 20-მდე ადამიანი, დაზიანდა სახლები, საბავშვო ბაღი და სხვა შენობები. უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ კიევში 31-ვე რუსული რაკეტა, მათ შორის „კინჟალი” გაანადგურეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ისე, რომ კონკრეტულად კიევი არ უხსენებია, 21 მარტს განაცხადა, რომ საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა შორ მანძილზე მოქმედების იარაღით, მათ შორის აერობალისტიკური რაკეტებით „კინჟალი”, დაარტყეს „უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზებს და სპეცოპერაციების ძალების და დაქირავებული უცხოელების დისლოკაციის პუნქტებს”.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას” უთხრა, რომ რუსეთის მიერ კიევის წინააღმდეგ 21 მარტს გამოყენებული რაკეტების უმრავლესობა მიმართული იყო სამხედრო დაზვერვის ობიექტებისკენ, თუმცა, ყველა რაკეტა ჩამოაგდეს.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.