საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
პუტინი გამოვიდა: ან უკრაინა თავისი ნებით დატოვებს ტერიტორიებს, ან ძალით გავაკეთებ ამასო. ახსენა სიტყვა ნოვოროსიაც, რომელიც რუსულ ისტორიულ-პოლიტიკურ პროექტში მთელი სამხრეთი და აღმოსავლეთ უკრაინის დიდი ნაწილია. ამ პროექტის მხარდაჭერა მან ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო პროპაგანდისტებისა და ლოკალური სამხედროების პირით. ამასთან, პუტინმა სიცილით თქვა, არ ვაპირებ ევროპაზე თავდასხმასო. თითქოს ან უკრაინა ან საქართველო ან მოლდოვა ევროპა არ იყოს, ან ბალტიისპირეთს არ ემუქრებოდეს ან/და ჰიბრიდულ ომს არ აწარმოებდეს მათ წინააღდეგ – თავდასხმებს ლოჯისტიკაზე, საწყობებზე, საწარმოებზე, ადამიანებზე, კაბელებზე, გამალებული კიბერთავდასხმები და რუსულენოვანი და პრო-რუსული ძალების მილიტარიზაცია ბალტიასა და ბალკანეთში, ღია მუქარები ფინეთის წინააღმდეგ და დრონების გამოჩენა პოლონეთის თავზე. მაგრამ მთავარი არაა ეს. მთავარია ის რწმენა, რომელიც მას აქვს, რომ ის ომს იგებს და რომ მას ეს ომები ხელს აძლევს. ესაა ყველაზე საშიში. მან თავის გამოსვლაში ისიც დაამატა, რომ ზოგიერთი პუნქტი სასაცილოა და რომ უკრაინის ხელისუფლებასთან რაიმე მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. მან ზელენსკის არალეგიტიმური უწოდა და დაამატა, რომ ბოლომდე აპირებს ბრძოლას. ყოფილი სამხედრო, ბრიტანელი პოლიტიკოსი და აკადემიკოსი მაიკ მარტინი თავის სამხედრო სასწავლო წიგნში წერს, რომ ომში სახელმწიფოები მხოლოდ ბრძოლის ველზე კი არა პირველ რიგში ადამიანების ტვინებში მარცხდებიან, როდესაც დაიჯერებენ, რომ ომის მოგება აღარ შეიძლება, სამხედროები და პოლიტიკოსები ერთდროულად ყრიან ხმალს. სანამ ეს პირობა არ დადგება მანამდე გაგრძელდება ომი. ესაა მაიკ მარტინის დასკვნა ყველა ომზე, რომელიც ჩვეულებრივ ვრცელდება ამ ომზეც. რაც მთავარია, რიჩარდ ნიქსონი ამბობს, თავის ცნობილ ინტერვიუში რუსეთის შესახებ, რომ კრემლი მხოლოდ მაშინ იწყებს მოლაპარაკებებს, როდესაც მას აწყობს და მხოლოდ მანამ ინარჩუნებს შეთანხმებას, სანამ მას აძლევს ხელსო. პრუსიული მიდგომა კი ასეთი იყო: რუსეთთან დადებულ შეთანხმებას იგივე ფასი აქვს, რაც იმ ქაღალდს, რომელზეც ეს შეთანხმებაა დაწერილიო. ზუსტად იგივე რეალობაა ახლაც. პუტინი მოლაპარაკებების იმიტაციას აკეთებს და ცდილობს როგორმე კვლავ უკრაინელებს დააბრალოს მოლაპარაკებების წარუმატებლობის ბედი. არადა მისი განცხადებებიდან სრულიად ნათელია, რომ იგი ტოტალურ ომზეა გადასული. ცხადია, რომ ეს ზამთარი და შემდგომი თვეები უკიდურესად სისხლისმღვრელი ბრძოლები იქნება.




