ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, გიორგი თარგამაძე, გიორგი გახარიაზე და ნიკა მელიაზე საუბრისას, ამბობს:
რაც შეეხება ნიკა მელიას, ამ შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულადაა, რადგან მისი რესურსი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილს, ან თუნდაც ბოლოდროინდელი არეულობის გამო გაურკვევლობაში მყოფ სააკაშვილის ტრადიციულ მხარდამჭერებს თავი”უკეთეს ნაცმოძრაობად” წარუდგინოს, ბევრად შეზღუდულია. უკეთესი ნაცმოძრაობის შექმნის მცდელობა უკვე იყო 2016 წელს. როგორ დასრულდა ეს პროექტი ცალკე საკითხია, თუმცა, იმ შემადგენლობას რომელიც მაშინ პარტიას გამოეყო და ევროპული საქართველო დააარსა: გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგი წერეთელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია თუ სხვები, ნამდვილად შეეძლოთ ეთქვათ: ჩვენ ვართ უკეთესი და უფრო კვალიფიციური ნამცოძრაობაო. რისი თქმაც და ნათქვამისთვის დამაჯერებლობის მინიჭება, ნამდვილად გაუჭირდება მელიას, იმ ინტელექტუალური და საერთო ეროვნული ცნობადობის ფიგურების დეფიციტის გათვალისწინებით, რომლებიც დღეს მის გარშემოა. ამდენად ეს მცდელობა, დიდი მონდომების შემთხვევაშიც კი უბრალოდ არადამაჯერებელი და არაეფექტური იქნება.
ბევრად ლოგიკურია თუკი მელია პოლიტიკაში საკუთარი ნიშის მოსანიშნად განსხვავებულ სტრატეგიას აირჩევს, რომელსაც პირობითად ასე დავასათაურებდი: “მე უკეთესი “გრეჩიხა” ვიქნები!” ანუ მე შემიძლია უკეთ და მეტი ვიბრძოლო ქუჩაში, უკან არ დავიხიო, რადიკალური ნაბიჯები გადავდგა და სხვებთან შედარებით ბევრად უკომპრომისო ვიყო რეჟიმთან დაპირისპირებაში. ამ თვალსაზრისით მელიას პოლიტიკურ ბიოგრაფიაში აქვს როგორც პლუსები, ისე მინუსებიც. მას მართლაც ჰქონდა პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციის არაერთი მცდელობა იმ ტალღაზე, როდესაც მოსახლეობის უკმაყოფილების ხარისხი დღევანდელთან შედარებით გაცილებით მაღალი, ან უფრო მკვეთრად გამოხატული იყო, იქნებოდა ეს გავრილოვის ღამე, სამაჯურის გადაგდება, თუ სააკაშვილის დაპატიმრების შემდგომი საპროტესტო აქციები. თუმცა, მისი არცერთი ასეთი მცდელობა წარმატებით არ დასრულებულა. მეტიც, შედეგის მიუღწევლობა, არაეფექტურობა, კრიტიკული სიტუაციისა და ისტორიული მომენტუმის ვერ შეგრძნება, თუ ხელიდან გაშვება, იყო და დღემდე რჩება მის მიმართ ერთ-ერთ მთავარ და საკმაოდ დასაბუთებულ პრეტენზიად. შედეგი ვერ დადგა მაშინ, როდესაც ის იყო ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი. შესაბამისი სტატუსით და მასობრივი სახალხო მხარდაჭერით და რა დამაჯერებელი წინაპირობა შეიძლება არსებობდეს იმისთვის, რომ შედეგი იქნება დღეს, როდესაც ის გაცილებით სუსტი პოზიციებიდან იწყებს პოლიტიკურ სტარტაპს.
მელია ყოველთვის ნაცმოძრაობის ტრადიციულ მხარდამჭერებს მიღმა ეძებდა გაფართოების შესაძლებლობებს და სხვა მოთამაშეებთან კონსტრუქციული ურთიერთობის გამოცდილება გააჩნია. ამის მაგალითად ადგილობრივი არჩევნების წინ, ნაცმოძრაობის ლიდერობით შექმნილი ოპოზიციური კოალიცია გამოდგება. დღეს მას აქვს შანსი პოლიტიკურ მოედანზე “შუის შეკრების” შედარებით მასშტაბურ პოლიტიკურ პროცესში საკუთარი როლი და ადგილი იპოვოს. თუმცა ამისთვის ის მკვეთრად უნდა გაემიჯნოს არა მხოლოდ ნაცმოძრაობის დღევანდელ ხელმძღვანელობას, არამედ ნაცმოძრაობას მთლიანობაში, ნაცმოძრაობას, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება უპირველეს ყოვლისა მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ, მიშას მიმართ პიეტეტის შენარჩუნება და ამავე დროს პოლიტიკური სპექტრის შუაში ადგილის დაკავება, ერთად, უბრალოდ ვერ მოხდება. ამ პოზიციით მას შუაში უბრალოდ არავინ მიუშვებს, რადგან მიშასთან ირიბი ასოცირებაც კი ამ გაერთიანებას მიმზიდველობას და ფუნქციას დაუკარგავს. ხოლო თუ ის სააკაშვილს, ვიმეორებ მიხეილ სააკაშვილს და ნაცმოძრაობას, როგორც წარსულს ხაზს გადაუსვამს, წინააღმდეგობაში მოვა მისივე პარტიული წარმონაქმნის შინაარსთან. აქ მისი მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მელია პარტიის შენებას სუფთა ფურცლიდან და თავისუფალი პოლიტიკური მოთამაშეებისგან კი არ იწყებს, არამედ ნაცმოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციების ცალკეული რგოლებისგან და ინდივიდებისგან, რომლებიც ნაცმოძრაობის დღევანდელი თავმჯდომარის წინააღმდეგ პროტესტის მიუხედავად, აბსოლუტურ ლოიალობას ინარჩუნებენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. აი ამის ფაქტორის გაუთვალისწინებლობა კი უკიდურესად დამაზიანებელი იქნება, რადგან ადგილებზე კარგად იციან, რომ მათი ელექტორალური მხარდაჭერის საფუძველს, მაგალითად ზუგდიდში, უპირველეს ყოვლისა სააკაშვილი წარმოადგენს და არა მათი პირადი პოლიტიკური წონა ქართულ პოლიტიკაში.