უკანონო მიგრანტის აღმოჩენის და მისი იდენტიფიცირების მიზნით, შს სამინისტროს საცხოვრებელ, სამუშაო ადგილას ან სხვა კერძო საკუთრებაში შესვლის და შემოწმების უფლება ექნება

უკანონო მიგრანტის აღმოჩენის და მისი იდენტიფიცირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს საცხოვრებელ, სამუშაო ადგილას ან სხვა კერძო საკუთრებაში შესვლის და შემოწმების უფლება ექნება.
პარლამენტს ამ მიმართულებით “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარედგინა, რომელიც დაჩქარებული წესით განხილვისთვის “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დააინიცირეს.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის, უცხოელის საცხოვრებელი ადგილის გადამოწმების ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი, სამუშაო ადგილი ან შევიდეს სხვაგვარ კერძო საკუთრებაში მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. იმ შემთხვევაში კი, თუ კერძო საკუთრების თანამესაკუთრის, თანამფლობელის ან სამუშაო ადგილის დამსაქმებლის თანხმობა იქნება, მაშინ აღნიშნული შემოწმების ჩატარება მოსამართლის ბრძანების გარეშე იქნება შესაძლებელი.
ამავე პროექტით, იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს და დაყოვნებამ შეიძლება უცხოელის მიმალვა, უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა გამოიწვიოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება საცხოვრებელი, სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება დაიწყოს და მოსამართლეს შესაბამისი შუამდგომლობით 24 საათის განმავლობაში მიმართოს.
პროექტის თანახმად, შუამდგომლობის წარდგენისას შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობდა შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა.
გარდა ამისა, უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შემოწმების დროს პოლიცია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები.
უცხოელის სამუშაო ადგილის შემოწმებისას პოლიციელს შეეძლება დამსაქმებლისგან იმ დოკუმენტების დათვალიერება მოითხოვოს, რომლებიც უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერ საფუძველს ადასტურებენ.
საკანონმდებლო პროექტი პარლამენტში ინიცირებულია. მას დაჩქარებული წესით მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომებზე განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – „ნაციონალი მოძრაობა“ იქნება ყველა იმ ერთობაში, ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც რეჟიმს არ მივცემთ დიქტატურის გამყარების საშუალებას – სპეცოპერაციაში მონაწილეობა არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიღოს