მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელ პერიოდში ლარის სტაბილურობა შენარჩუნებულია და ამას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ჟურნალისტებთან აცხადებს.
მისივე შეფასებით, მიმდინარე პერიოდში გაცვლითი კურსი სტაბილურია.
“ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია როგორც ლარის იუბილესთან მიმართებით, ისე მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტა საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობისთვის და მომავალი განვითარებისთვის.
გაცვლით კურსთან დაკავშირებით პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის არის მცურავი კურსის პრინციპით და მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდებაზეა აწყობილი. მიუხედავად ამისა, წინა პერიოდის ტენდენციას თუ შევხედავთ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდისთვის გაცვლითი კურსი სტაბილურია და ზაფხულის პერიოდში მკვეთრი შოკები ძირითადად არ არის ხოლმე მოსალოდნელი“, – აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
ცნობისთვის, ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში თბილისი მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.
კონფერენციაზე, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს. მათ შორის არიან ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების – შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების – Gojo & Company, Ant International-ის, The Global Finance & Technology Network-ის, ასევე საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.
bp.ge
