აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ 19 მაისისთვის დაგეგმილი სატელეფონო საუბრისგან აშშ-ის პრეზიდენტსა და რუსეთის ლიდერს შორის, წარმატებას ელის.
„დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს წარმატებული საუბარი ექნება ვლადიმერ პუტინთან. ისინი ერთმანეთს იცნობენ. პრეზიდენტი მტკიცედაა განწყობილი, რომ ამ საკითხში გარკვეული პროგრესი იქნას მიღწეული. თუკი ეს მას არ გამოუვა, მაშინ ეს არც არავის გამოუვა“, – განაცხადა უიტკოფმა ტელეკომპანია ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის მოსაზრებას, რომ რუსეთი „ზედმეტად ბევრს“ მოითხოვს უკრაინასთან დაკავშირებულ კონფლიქტში, უიტკოფმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, მთავარი მიზანი მხარეებს შორის არსებული უფსკრულის შემცირებაა.
„ზოგადად, ორივე მხარე იცავს საკუთარ პოზიციას. და მე ვფიქრობ, რომ ორშაბათი მნიშვნელოვანი დღე იქნება იმის გასარკვევად, სად ვდგავართ და როგორ დავასრულებთ ამ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
17 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს ორშაბათს, 19 მაისს, ტელეფონით გაესაუბრება.
„ორშაბათს, დილის 10:00 საათზე, ტელეფონით გავესაუბრები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე. ეს თბილისის დროით 18:00 საათია.
„ზარის თემები იქნება სისხლისღვრის შეჩერება, რომელიც კვირაში საშუალოდ 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს, ასევე, ვაჭრობა“, – წერს იგი.
„შემდეგ გავესაუბრები უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, ნატოს სხვადასხვა წევრს“, – წერია მის მიერ 17 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში.
„იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე, ცეცხლის შეწყვეტა მოხდება და ეს ძალიან ძალადობრივი ომი, – ომი, რომელიც საერთოდ არ უნდა მომხდარიყო, – დასრულდება. ღმერთმა დაგვლოცოთ ყველანი“, – წერს ის.
18 მაისს, რომში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს.
ზელენსკიმ შეხვედრის შესახებ პლატფორმა X-ზე დაწერა და თქვა, რომ „კარგი შეხვედრა ჰქონდათ“.
მან მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისა და სიცოცხლეების გადარჩენისთვის.
რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, დონალდ ტრამპს ექნება რეაგირება ვლადიმერ პუტინის ცინიკურ დამოკიდებულებაზე.
3-წლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთსა და უკრაინას შორის პარასკევს განახლებულ პირველ პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც სტამბოლში გაიმართა, ტყვეთა გაცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე კრემლი კვლავ უარს აცხადებს.
პუტინმა თურქეთში ჩასვლაზე უარი განაცხადა და იქ დაბალი რანგის დელეგაცია გააგზავნა.
დონით შეუსაბამო რუსეთის დელეგაციას არ შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.
16 მაისს, სტამბოლის შეხვედრების პარალელურად, ევროპელი ლიდერები, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ალბანეთიდან დაუკავშირდნენ პრეზიდენტ ტრამპს.
ფორუმი
