“არა უსა(სა)მართლობას” – ამ სლოგანით უზენაეს სასამართლოსთან მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.
როგორც “ინტერპრესნიუსთან” “თავისუფლების მოედნის” წევრმა, სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, უზენაეს სასამართლოსთან აქციის მიზანი არის საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე.
“ეს არის ერთ-ერთი იმ აქციათაგან, რომელსაც აქვს კონკრეტული ფოკუსი. მე ვმონაწილეობდი საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ აქციებშიც და იქ ფოკუსი იყო პროპაგანდის წინააღმდეგ, რათა საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ყოფილიყო პროპაგანდის მანქანა და საზოგადოებრივი გამხდარიყო. ეს აქცია კი იმართება იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყროს სასამართლოში არსებულ უსამართლობასა და იმ მოქმედებებზე, რომელიც ხორციელდება შეთანხმებულად სასამართლოს, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
ეს ფოკუსი იმას გულისხმობს, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, აქ ერთმანეთს მივუთხროთ იმ დანაშაულებების შესახებ, რასაც ეს რეჟიმი ჩადის და გავაცნოთ ადამიანებს ამ რეჟიმის პატიმრები. აქ მოგვყავს ხოლმე რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები, მეგობრები და ისინი საუბრობენ, როგორი ადამიანები არიან სინამდვილეში ისინი, ვისაც აბრალებენ აგენტობასა და რადიკალიზმს.
ეს არის ამ აქციის ძირითადი არსი და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ნელ-ნელა ემატება ხალხი, რადგან სწორედ თანაგრძნობას ხედავენ აქ, მაგრამ ასევე ხედავენ მომავალზე მსჯელობებსაც. ჩვენ ასევე ვმსჯელობთ ხოლმე იმაზე, როგორი უნდა იყოს მომავალი სასამართლო, სასჯელაღსრულების სისტემა თუ სამართალწარმოების სისტემა და ა.შ.
ეს მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ განცდა, რომ რაღაცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით მარტო, რაღაცისთვისაც ვიბრძვით”, – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.
უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილი მოქალაქეები მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე 330-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.




