უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: ძირითადი გამოწვევა სასამართლოს ხელოვნური დისკრედიტაციაა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ბადრი შონია სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევად აფასებს „მიზანმიმართულ პროპაგანდას“ და „ხელოვნურ დისკრედიტაციას“, იმის შესახებ, რომ სასამართლო ხელისუფლებას კლანი მართავს.
შონიას განცხადებით, ამ ფონზე, მეორე რიგში გადაიწვია ყველა დანარჩენმა პრობლემამ, მათ შორის საქმეთა განხილვის გაჭიანურებამ და ადამიანური რესურსის ნაკლებობამ:
„სასამართლოს ნომერ პირველი გამოწვევა მანამდე იყო საქმეთა ზრდა და მომატებული მომართვიანობა. დღეის მდგომარეობით, ჩვენი ძირითადი გამოწვევა არის სასამართლოს ხელოვნური დისკრედიტაცია. ასე ვთქვათ, უკვე წლებია მიდის მიზანმიმართული პროპაგანდა, დისკრედიტაცია, რამაც ის ყველაფერი, ჩემი აზრით, მეორე პლანზე გადაწია. ის პრობლემაც რომ სასამართლოში არის გაჭიანურებული განხილვები, ისიც რომ სასამართლოში ადამიანური რესურსის ნაკლებობაა, როგორც მოსამართლეთა ასევე აპარატის და ამ დროს მომართვიანობა არის მომატებული. ხალხს უნდა მისი დავა განიხილოს სასამართლომ. ამ დროს ევროსასამართლოში მიმართვიანობა იკლებს და რაც მიდის, იმაზეც ეროვნულ სასამართლოებს ძალიან ცოტა საქმეზე უდგენს დარღვევას ევროსასამართლო. ჩემთვის ეს ამოუხსნელია. ნომერ პირველი პრობლემა, რაც უდგას სასამართლოს არის ამ პროპაგანდასთან გამკლავება,“ — ამბობს შონია.
მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური ბერკეტი, რომ, ამ მისი შეფასებით, პროპაგანდას გაუმკლავდეს:
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი. სწორედ ამდენი ვაკანტური ადგილი იქნება უზენაეს სასამართლოში წლის ბოლოს.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც ამჟამად 27 მოსამართლითაა დაკომპლექტებული, 24 მოსამართლე უვადოდაა განწესებული, სამი კი, 10-წლიანი ვადით.
ამ თემაზე წაიკითხეთ: შერჩევის შემდგომ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ვერ გადავიდა
ალექსანდრე წულაძემ უზენაესი სასამართლო დატოვა განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნის გამო. 2024 წლის ოქტომბერში კი ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს საქმიანობის ვადა ეწურებათ.
ზურაბ ძლიერიშვილს უზენაესში საქმიანობის გაგრძელების სურვილი ჰქონდა და კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა, როგორც საბჭოს დადგენილებიდან ირკვევა, კონკურსის შემდგომ ეტაპზე ვერ გადავიდა.
საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატები განსახილველად პარლამენტს უნდა წარედგინოს.